“ი. მერაბიშვილის განცხადება არის სრულიად აბსურდული და არ შეესაბამება რეალობას. მთავარი პროკურატურა კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ პირზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს და ხაზს უსვამს – მას შემდეგ, რაც ი. მერაბიშვილის ბრალდების სასამართლო პროცესი დასკვნით ფაზაში გადავიდა, ბრალდებულების და მათი გულშემატკივრების მხრიდან სხვადასხვა ქმედებები ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროცესის მონაწილეებზე ზეწოლის განხორციელებას.
ასეთ ქმედებას ადგილი ჰქონდა ი. მერაბიშვილის წინა სასამართლო პროცესზეც, რომლის დროსაც ბრალდების მხარის მოწმის რ. სულამანიძის დაკითხვისას, ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზეწოლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. ასევე პროცესის შემდგომ ბრალდებულები და დაცვის მხარე რამოდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ, თითქოსდა რ. სულამანიძეს არ მიუცია სასამართლოზე ვ. მერაბიშვილის დანაშაულში მამხილებელი ჩვენება, რაც არ შეესაბამება რეალობას და სრულად დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში.
ასევე, ამ ბოლო დროს გახშირდა სპეკულირების ფაქტები სხვადასხვა პირების მხრიდან ყოფილი პრემიერის ზ. ჟვანიას საქმეზე, რასაც მთავარი პროკურატურა უკავშირებს აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ქმედებების გააქტიურებას და ამ საქმესთან დაკავშირებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს.
ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ უსაფუძვლო და არასერიოზული განცხადებების მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ და სხვა საქმეებზე ჩაატარებს სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას და განუხრელად გააგრძელებს მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.”
ვანო მერაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ შაბათს, გამთენიისას, იგი გაიყვანეს ციხიდან, სავარუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, სადაც ერთ-ერთ კაბინეტში მას დახვდა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც, როგორც მერაბიშვილი ამბობს, დაემუქრა, რომ გაუარესდებოდა ციხეში მისი პირობები, ასევე, დაიჭერდნენ მის თანაპარტიელებს, მეგობრებს, ნათესავებს, თუკი ის არ ითანაშრომლებდა მათთან ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და მიხიელ სააკაშვილის კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის საქმეზე.