“ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ინტერვიუს აღარასდროს მისცემს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში, გადაცემა “თავისუფალი სივრცეში” ისაუბრა.
“ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიზმი [ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა] და სხვათა შორის, ბოლშევიკები პროგრესის სახელით მოდიოდნენ. არანაირი ძალადობა, არსებობს პროტესტისა და იგნორირების შესანიშნავი ფორმები და მე, როგორც პოლიტიკოსი, ვემორჩილები ეკლესიის მიმართვას და ინტერვიუს აღარ მივცემ “რუსთავი 2″-ს და არც მათ ეთერში არასდროს მივალ. ამავე დროს, მოვუწოდებ ჩემს თანამებრძოლებს, რომ იგივე გააკეთონ,” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
სანდრო ბრეგაძის აღნიშნული გადაწყვეტილება გიორგი გაბუნიას გადაცემას უკავშირდება, სადაც წამყვანმა ლია უკლებას ნახატზე საუბრისას განაცხადა:
“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.
როგორც ბრეგაძე განმარტავს, ეს მისთვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფაა და მოუწოდებს მთელს ერს, გაბუნიას “მშვიდობიანი ბოიკოტი” გამოუცხადოს, რასაც მისი სხვადასხვა დაწესებულებებში არშეშვების სახე უნდა ჰქონდეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.
საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გაბუნია ჟურნალისტი კი არა “ეშმაკის მსახურია”, “ის არის შეჩვენებული, ის არის წყეული”.
საპატრიარქოს და მღვდელმთავრის რეაქცია მოჰყვა გიორგი გაბინიას გადაცემას “არჩევანი”. გადაცემა შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” წარადგინა:
“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.
საპატრიარქოს რეაქციის პასუხად “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ განცხადების უკან რამდენიმე მღვდელი და თეთრუაშვილი დგანან. გვარამიამ ასევე თქვა, რომ თუ ამ განცხადების შემდეგ “რუსთავი 2″–ის რომელიმე თანამშრომელს საფრთხე შეექმნება, ეს საპატრიარქოს პასუხისმგებლობა იქნება.
საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა, მათი თქმით, “რუსთავი 2-ის” მიმართ ბოიკოტი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული
ნაბიჯია.