რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეიდან, თუ ტელეკომპანიის რომელიმე თანამშრომლის, მათ შორის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება განხორციელდება, პასუხისმგებლობა საპატრიარქოს დაეკსირება. ამის შესახებ გვარამიამ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა.
გვარამია გულისხმობს სინოდის წევრის, მიტროპოლიტ იობის ქადაგებას, სადაც მან გიორგი გაბუნია დაწყევლა, ხოლო რ2-ზე თქვა, რომ საერთოდ უნდა გაუქმდეს; ასევე, საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, სადაც ამ უკანასკნელმა მრევლსა და სამღვდელოებას ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით (ინტერვიუები, გადაცემაში მისვლა და ა.შ.) ბოიკოტისაკენ მოუწოდა. საპატრიარქო არ გამიჯვნია მიტროპოლიტ იობის წყევლას. ნიკა გვარამიას სჯერა, რომ საპატრიარქოს ამ განცხადების უკან ილია მეორე არ დგას და ის საქმის კურსში არ არის, რა განცხადებებს ავრცელებს ინსტიტუცია.
“საქართველოს საპატრიარქოს შიგნით არსებული დაჯგუფება იქცევა სრულიად სამარცხვინოდ. ვგულისხმობ მათ, ვინც საპატრიარქოს სახელით გამოდის და ლაპარაკობს, იობი სწორედ მათ შორის არის. სწორედ საპატრიარქო მეუფე იობის ქმედებებით, დღევანდელი განცხადებებით აღვივებს მათ შორის ამ ტიპის [უსაფრთხოება] საშიშროებასაც ადამიანთა ანგარიშსწორების თვალსაზრისით და მთელი პასუხისმგებლობა- თუ რ2-ის რომელიმე თანამშრომელზე, მათ შორის გიორგი გაბუნიაზე, რაიმე ძალადობრივი ქმედება განხორციელდება- დღეიდან საქართველოს საპატრიარქოს ეკისრება”, – უთხრა გვარამიამ ნეტგაზეთს.
ნიკა გვარამია ასევე შეეხო სამშაბათის არჩევანსა და გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ტექსტს, რომლითაც ამ უკანასკნელმა ლია უკლებას ნახატი აღწერა. მისი თქმით, ტელეკომპანიის პოზიციაა, რომ გაბუნიას არცერთი სტანდარტი არ დაურღვევია ეთიკის კუთხით. მისივე თქმით, ტელეკომპანიის შიგნით არსებულ ეთიკის საბჭოს ამ საკითხზე არც უმსჯელია, რადგან განცხადებით მათთვის არავის მიუმართავს.
“არავითარი განცხადებები ეთიკასთან დაკავშირებით შემოსული არ ყოფილა, განსხვავებით პირველი შემთხვევისაგან. პირველ შემთხვევაში ეს შესწავლილი იყო და ეთიკის დარღვევა დაადგინა რეგულირების საბჭომ. ამ შემთხვევაში ასეთი განცხადება არ ყოფილა და არც ჩვენი ინციატივით დაგვიწყია [განხილვა]. პირდაპირ გეუბნებით ჩვენს პოზიციას, რომ ამაში ღვთისმგმობელს ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. ეს განცხადება გამოხატვის თავისუფლებისა და ეთიკის ფარგლებში ჯდებოდა. ის, რომ ვიღაცას არ მოსწონს ლია უკლებას ნახატი და მარტო მისი დემონსტრირება მიაჩნია მართლმადიდებლური ეკლესიის დაკნინებად, ეს მისი პრობლემაა და ზუსტადაც რომ ცენზურას ნიშნავს ამისი დემონსტრირების აკრძალვის მოთხოვნა. ეს ნამდვილად ცენზურაა და, იმედია, ქართული სახელმწიფო აქამდე არასდროს მივა და არ დაჰყვება საპატრიარქოში მოკალათებული შავრაზმული დაჯგუფების მოწოდებას, რომელიც მთლიანად უნისონშია იმასთან, რაც რუსეთს სურს საქართველოში”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ნიკა გვარამია.
სინოდის წევრმა მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა და შეაჩვენა. საპატრიარქო კომენტარს არ აკეთებს აღნიშნულთან დაკავშირებით, სამღვდელოებას კი ტელეკომპანია “რუსთავი 2” -თან ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს.
მიტროპოლიტი იობის ქადაგეგბა და საპატრიარქოს განცხადება უკავშირდება გადაცემას “არჩევანი”, რომელიც გიორგი გაბუნიამ ცენზურის შესახებ კანონპროექტის სახელით ცნობილ ინიციატივას მიუძღვნა. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მაყურებელს წარუდგინა მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” .
ამავე თემაზე
სააკაშვილი: ღვთისმშობლის აგდებულად ხსენება შეურაცხყოფს მორწმუნე ქრისტიანების გრძნობებს
სააკაშვილი: ღვთისმშობლის აგდებულად ხსენება შეურაცხყოფს მორწმუნე ქრისტიანების გრძნობებს