ახალი ამბები

ქარტიის საბჭო: “რუსთავი 2″–ის მიმართ ბოიკოტი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

24 მაისი, 2018 • 3308
ქარტიის საბჭო: “რუსთავი 2″–ის მიმართ ბოიკოტი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მედიის და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია საპატრიარქოს მიერ რუსთავი 2–ისთვის ბოიკოტის გამოცხადება.

“საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ბოიკოტი სწორედ ამ უფლების განხორციელებას უშლის ხელს, აგრესიის სამიზნედ აქცევს კონკრეტულ ჟურნალისტსა და ზოგადად მთელ მედიას. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს “რუსთავი 2”-ის წამყვანზე სხვა გადაცემის გამო თავდასხმის პრეცედენტი, რა დროსაც 6 პირი დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი დღემდე არ დასრულებულა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ლარს საჯარო ფინანსებიდან ხარჯავს. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტიაა. მისი საქმიანობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ ითანამშრომლოს და არსებულ კითხვებს უპასუხოს მათ შორის “რუსთავი 2-ის”, როგორც ერთ-ერთი დიდი მაუწყებლის მეშვეობით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ხელისუფლებას, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამასთან, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მაგალითი მისცეს საზოგადოების სხვა ჯგუფებს ამ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელების”, – წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.

საპატრიარქოს განცხადებამდე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა მიტროპოლიტმა იობმა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გაბუნია ჟურნალისტი კი არა “ეშმაკის მსახურია”, “ის არის შეჩვენებული, ის არის წყეული”.

საპატრიარქოს და მღვდელმთავრის რეაქცია მოჰყვა გიორგი გაბინიას გადაცემას “არჩევანი”. გადაცემა შეეხებოდა კანონპოროექტს, რომლითაც შესაძლოა აიკრძალოს მხატვრული ნამუშევარი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის მოსამართლე. გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლია უკლება და გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი ნახატი “მარიამი სათამაშო პისტოლეტით” წარადგინა:

“შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც, როგორც წესი, ცნობილია “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” სახელით. იქედან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსასც გააჩენს”,- თქვა გაბუნიამ.

საპატრიარქოს რეაქციის პასუხად “რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ განცხადების უკან რამდენიმე მღვდელი და თეთრუაშვილი დგანან. გვარამიამ ასევე თქვა, რომ თუ ამ განცხადების შემდეგ “რუსთავი 2″–ის რომელიმე თანამშრომელს საფრთხე შეექმნება, ეს საპატრიარქოს პასუხისმგებლობა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი