საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა რუსთავი 2-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არხის არცერთ გადაცემაში მონაწილეობა.
საპატრიარქო ასევე აცხადებს, რომ სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მისი ფასეულობები.
საპატრიარქო მიმართავს საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ უცხოელ დონორებს, რომლებიც დასავლური ღირებულებების გავრცელებას უწყობენ ხელს:
“დაანახეთ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უგულებელყოფა, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არასწორი წარმოდგენა და განწყობები”,- ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.
საპატრიარქოს განმარტებითთ, 17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტულ ქმედებებს, რაც მათი თქმით, ყველაზე მკვეთრად ,,რუსთავი 2”-მა გამოხატა.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქომ წერილობით მიმართა აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელს, რეაგირება მოეხდინა სიცრუის ტირაჟირების გამო (რასაც შეიძლება მსოფლიო საპატრიარქოსა და ჩვენს ეკლესიას შორის უსიამოვნება მოჰყოლოდა), სამწუხაროდ, იმავე საღამოს პასუხად მივიღეთ ღვთის მგმობი ახალი გადაცემა.
ამ ქმედებების სულისკვეთება ერთია, – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ, ხოლო ჩვენი ეკლესია, – პრორუსულ ძალად”- ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო აცხადებს, რომ ის არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან, ხოლო “რუსთავი 2”-ის გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს.
“თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლისადმი ვლინდება. შერჩევითი სამართლით მოქმედი უმეტესი ნაწილი უფლებადამცველთა და არასამთავრობო სექტორისა კი ასეთ სერიოზულ ფაქტებზე დუმილს არჩევენ. არც ხელისუფლებას აქვს სათანადო კანონები და სტრატეგია შემუშავებული, რაც საერთო დაუცველობისა და უსამართლობის მკვეთრ განცდას ბადებს.
მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კვართის მცველ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საჯაროდ შეურაცხყვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა მარიამი, ამასთან, ვრცელდება ცილისმწამებლური განცხადებები, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ მრევლს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რადგან მავანთა სურვილი სწორედ შფოთისა და არეულობის შემოტენაა და მათ მიზნის განხორციელებაში ხელი არ უნდა შევუწყოთ”,- ნათქვამია განცხადების ტექსტში.
ამავე თემაზე გირჩევთ
სააკაშვილი: ღვთისმშობლის აგდებულად ხსენება შეურაცხყოფს მორწმუნე ქრისტიანების გრძნობებს
სააკაშვილი: ღვთისმშობლის აგდებულად ხსენება შეურაცხყოფს მორწმუნე ქრისტიანების გრძნობებს
ქვეყანში დაძაბულობის შექმნა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს – სალაძე საპატრიარქოს განცხადებაზე
მინდიაშვილი: საპატრიარქოს იარაღი არა ღვთის სიყვარული, არამედ მოღერებული ტაბურეტია
გვარამია: თუ რ2-ის თანამშრომელზე ვინმე იძალადებს, პასუხისმგებლობა საპატრიარქოს დაეკისრება