დღევანდელი შეკრების მთავარი მიზეზი მთავრობის ის გადაწყვეტილება გახლდა, რომლის მიხედვითაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდო:
” ვითხოვთ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას, ანუ ის დანაპირები, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ მისცა ქართველ ხალხს. ეს იყო უსამართლოდ დასჯილი ადამიანების უფლებების დარღვევა და მისი აღმოფხვრა. იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა 9 წლის განმავლობაში”.- ამბობს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, თუ აღნიშნული მოთხოვნები მოკლე ვადაში არ შესრულდება, აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ჯონდი ბაღათურია კი ხელისუფლებას მოუწოდებს, ხალხს მოუსმინოს და სამართლიანობა აღარდგინოს:
“წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლას ჩვენ აღვადგენთ, სააკაშვილს მიწიდან ამოვიღებთ, დედამიწის ზურგზე, რომელ სოროშიც არ უნდა ჩაძვრეს, მაინც იმ სოროდან ამოვიღებთ და სასამართლო დარბაზში, სამართლიან მართლმსაჯულებას გავასამართლებინებთ.”- განაცხადა ბაღათურიამ.
აქციის მსვლელობისას ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა, რის შემდეგაც იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი სამინისტრომ მთავრობის ბოლო სხდომაზე გაიტანა, თუმცა მთავრობის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის:
“მთავრობის წევრებმა მიიჩნიეს, რომ, მართალია, მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნას არავინ არ ეწინააღმდეგება, მაგრამ გასათვლელია ძალიან ფრთხილად ის შედეგები, რაც ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით ამან შეიძლება მოიტანოს. თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული, მას უჩნდება, რა თქმა უნდა, მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება სამოქალაქო წესით სასამართლოებში და ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ–ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია. თავისთავად იდეა, როგორც ასეთი, უარყოფილი არ ყოფილა. მიმდინარეობს კონსულტაციები და როგორც კი ჩაითვლება, რომ ამისთვის მზაობა გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დაიძვრება იმ წერტილიდან, სადაც გაჩერდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.