ახალი ამბები

სტალინის ძეგლის გაურკვეველი მომავალი

14 დეკემბერი, 2013 •
სტალინის ძეგლის გაურკვეველი მომავალი

ინფორმაცია, რომ დღეს, 14 დეკემბერს, სტალინის სახლ-მუზეუმთან ძეგლის აღდგენა იგეგმება, “ნეტგაზეთთან” საუბრისას  უარყო გორის საკრებულოს გამგებელმა  პაპუნა კობერიძემ და მისმა მოადგილემ ნინო წეწვაძემაც. 

 

“ეს ტექნიკურად შეუძლებელია, ასე უცებ გადაწყვიტო, პიედესტალი, რაც საქველმოქმედო ფონდმა გააკეთა და არა მუნიციპალიტეტმა, ამას ხაზს ვუსვამ, არ არის მზად ძეგლის განსათავსებლად.  მეორეც, ჩვენ თუ არ ვიქნებით საქმის კურსში, ძეგლს ვერავინ ვერ დადგამს. ძეგლიც, ტერიტორიაც და მუზეუმიც არის კულტურის სამინისტროს ბალანსზე. სამინისტროს ნებართვის გარეშე ძეგლის დადგმა ვერ მოხდება. თუ არ ვცდები, ეს არის სუფთა ბრინჯაო და 2 მილიონამდეა შეფასებული”- განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას დავით რაზმაძემ.

 

საკრებულოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი დავით რაზმაძე წინა საკრებულოს წევრიც იყო. მისი განცხადებით, წინა საკრებულომ ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილებასთან ერთად მისი ხელახალი მონტაჟის გადაწყვეტილებაც მიიღო:

 

“ეს არ იყო ოფიციალური სხდომა, შეკრებილი იყვნენ საკრებულოს წევრები, მეც დამძახეს, ეს შეკრება გამოიყენეს, დაარქვეს საკრებულოს სხდომა და  გაფორმდა აქტი, სადაც ჩაიწერა, რომ 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინიდან მოხდეს სტალინის ძეგლის დემონტაჟი და მოხდეს მისი მონტაჟი მუზეუმის ტერიტორიაზე. სხვათა შორის, მაშინვე დაიწყეს იქაც პიედესტალის კეთება. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება არსებობს და ძალაშია”,-ამბობს ის.

 

გამგებელიც და საკრებულოს თავმჯდომარეც აცხადებენ, რომ მათთან შესულია პეტიცია 6 700 ხელმოწერით, პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებას. ძეგლის აღსადგენად გამოყოფილია თანხა 25 000 ლარის ოდენობით, თუმცა რამდენიმე ორგანიზაციამ, მაგალითად, როგორიცაა “სტალინელი”, შექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომლის ფარგლებშიც შეგროვებული თანხით, ძეგლის პპიედესტალის კეთება დაიწყეს. დავით რაზმაძის განცხადებით, პიედესტალი მაღალი გამოვიდა, რის გამოც დასავლეთისგან გარკვეული უკუკავშირიც მიიღეს:

 

“ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის ელჩს შევხვდი, პოლონეთის ელჩთან სატელეფონო საუბარი შედგა,  რომლებმაც დააფიქსირეს, რომ ამხელა პიედესტალი, ეს არის უკვე სტალინის განდიდება, და ამბობენ, რომ თუ სამუზეუმო ექსპონანტად გინდათ, დადგით უფრო შიგნით, უფრო დაბალ პიედესტალზე, ან საერთოდ რად გინდათ პიედესტალი. ვცდილობთ ოქროს შუალედი მოვძებნოთ, არ მინდა არც ადგილობრივი საზოგადოება გავაღიზიანოთ, ტურიზმის თვალსაზრისითაც, ერთ-ერთი წამყვანია სტალინი და მისის სახლ-მუზეუმი და ვიღაცას მართლაც უყვარს. რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ბევრს უყვარს. არც ის მინდა, რომ ჩვენმა პოლიტიკამ  ცენტრალურ ხელისუფლებაზე ცუდად იმოქმედოს, ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს”- ამბობს დავით რაზმაძე. 

 

დავით რაზმაძე ამბობს, რომ ძეგლი უნდა დაიდგას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ როგორც სამუზეუმო ექსპონანტი. მისივე თქმით, რა ფორმით და როგორ მოხდება ძეგლის აღდგენა, საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პრემიერ- მინისტრი მიიღებს. 

 

შეგახსენებთ, რომ კარნეგის ცენტრის მიერ 2012 წელს ორგანიზებული გამოკითხვის მიხედვით, დესტალინიზაციის პროცესმა ვერ მიაღწია წარმატებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. კვლევაში ნათქვამია, რომ ქართველებს საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი აქვთ სტალინით აღფრთოვანების თვალსაზრისით– გამოკითხულთა 45 % პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერის მიმართ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი