ახალი ამბები

ადვოკატი: მთავარმა მოწმემ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ბრალეულობა არ დაადასტურა

12 დეკემბერი, 2013 • • 1083
ადვოკატი: მთავარმა მოწმემ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ბრალეულობა არ დაადასტურა

“მთავარმა მოწმემ, რამაზ სულამანიძემ, პროკურატურის მოლოდინის მიუხედავად, არ დაადასტურა მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ბრალეულობა ამ საქმესთან დაკავშირებით. მეტიც, მოწმემ განაცხადა, რომ მას 4–ჯერ აქვს მიცემული ჩვენება ლაშა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით და სასამართლოში დაკითხვამდე მას მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე პირადად შეხვდა”, – აცხადებს ოთარ კახიძე. მისი თქმით, ლაშა ნაცვლიშვილის მოწმესთან შეხვედრა ადასტურებს იმას, რომ პროკურატურას მოწმეზე ზეწოლის განხორციელება სურდა.

მერაბიშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში დღეს საგანგებო ბრიფინგი იყო დაგეგმილი, რომელიც გაუქმდა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ბრიფინგი ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა, თუმცა პრესსამსახურში არ აზუსტებენ, იგულისხმება თუ არა ინციდენტში სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსის, რამაზ სულამანიძის მიერ მიცემული ჩვენება.

საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს.

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი ედებათ ამომრჩევლის მოსყიდვაში, მითვისება/გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  იმ დროისთვის მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი