დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები ე.წ. დასაქმების პროგრამასა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში ზღვის პირას მდებარე შპს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის კუთვნილ აგარაკთან დაკავშირებით დაიკითხებიან.

 

როგორც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, პროკურატურამ მათ წინასწარ არ აცნობა დასაკითხი პირების შესახებ:

 

„ჩვენ გვქონდა ზეპირი სახის შეთანხმება, რომ ბრალდებისგან მივიღებდით ინფორმაციას დასაკითხი მოწმეების შესახებ. გუშინ ვიცოდი, რომ ამ სხდომაზე თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები იკითხებოდნენ, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ ვკითხავთ მოწმეებს აჭარის ეპიზოდთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ განვახორციელებთ დაცვას, მაგრამ ეს არის პროკურატურის დამოკიდებულება, რომ მუდმივ რეჟიმში შეეცადოს, დაცვა არ იყოს მომზადებული ისე, როგორც საჭიროა,“ -აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა.

 

აღნიშნულის საპირისპიროდ პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა, რომ ბრალდება დაცვის მხარის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია:

 

„ჩვენ წინა სხდომებზე განვაცხადეთ, რომ მომდევნო პროცესებზე დავიწყებდით ძირითადი მოწმეების დაკითხვას და არა მარტო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, არამედ მოწმეები აგარაკის ეპიზოდთან დაკავშირებით. თქვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მოწმეებია, რომლებიც თქვენც, დაცვის მხარეს გყავთ შეყვანილი სიაში და ცოტა გაუგებარია, რა მომზადება გჭირდებათ ამ მოწმეებთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე არ უშლის ხელს დაცვის მხარეს, პირიქით, ჩვენ ვთვლით, რომ ზედმეტად კეთილგანწყობილები ვართ თქვენს მიმართ.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *