ახალი ამბები

Bassiani და სხვა კლუბები კვირას აქციას გამართავენ – “ბრძოლა ბასიანისთვის”

22 მაისი, 2018 • 2384
Bassiani და სხვა კლუბები კვირას აქციას გამართავენ – “ბრძოლა ბასიანისთვის”

კვირას, 27 მაისს, 18:00 საათზე თბილისში, ევორპის მოედანზე Bassiani სხვა კლუბებთან ერთად აქციას გამართავს.

როგორც კლუბის დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 27 მაისი სიმბოლური თარიღია, რადგან ამავე დღეს ბერლინის მემარცხენე კოლექტივები და 70-მდე გერმანული ღამის კლუბი დემონსტრაციით  გააპროტესტებენ მათთან არსებულ პრობლემებს.

“თუ BASSIANI-ის კარი არ გაიღება 1 ივნისამდე, ფინანსური ზარალის გამო ის შესაძლოა დაიხუროს, თუმცა მისი კარი ყოველთვის ღია იყო თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანისთვის. დატერორებული და დალუქული BASSIANI დღეს პოლიტიკური მძევალია. ჩვენ, სხვა კლუბებთან ერთად, სისტემის დარტყმის მთავარ სამიზნედ ვიქეცით. თვეზე მეტია გვაშანტაჟებენ, მიზანმიმართულად გვესხმიან თავს, დღემდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებზე ჩვენკენ იშვერდნენ თითს, როდესაც პირველებმა გავუშვით საზოგადოებაში განგაშის სიგნალი.

დაარსების დღიდან, ჩვენი სფერო მხარს უჭერდა სოციალური ცვლილებებისთვის მებრძოლ სამოქალაქო მოძრაობებს, ხელს ვუწყობდით ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციის პროცესს,. სწორედ ამიტომ, 12 მაისის “შავი პარასკევის” საპოლიციო ტერორი არ იყო ტერორი მხოლოდ საკლუბო სივრცეებზე, არამედ ყველა იმ ადამიანსა და ჯგუფზე, ვინც მხარში გვიდგას და ჩართულია უთანასწორობასთან ბრძოლაში” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი Bassiani ამ დრომდე დალუქულია, დღეს კაფე გალერი გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამბობენ ზუსტ დროს, როდის მოეხსნება “ბასიანს” ლუქი.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი