ახალი ამბები

საიამ სტრასბურგში რუსთავი 2-ის საქმეზე მოსაზრება წარდგინა

22 მაისი, 2018 • 1568
საიამ სტრასბურგში რუსთავი 2-ის საქმეზე მოსაზრება წარდგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართვასთან დაკავშირებით მხოლოდ საქარველოს სახალხო დამცველისა და საიას თხოვნა დააკმაყოფილა, დანარჩენ ექვს ორგანიზაციას კი უარი უთხრა.

როგორც საია აცხადებს, სასამართლოს განმარტებით, მათ მიერ არ უნდა მომხდარიყო მოსაზრებების წარდგენა საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით.

“ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ წერილობით მოსაზრებებში საია მიმოიხილავს სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 89-ე მუხლებთან დაკავშირებით (იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ასევე, საქმეთა განაწილების პრინციპთან მიმართებით საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას,”- აცხადებს საია.

იუსტიციის სამინისტრომ აპრილში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოდან მიიღებს ომბუდსმენისა და საია-ს პოზიციას, საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს სასამართლო მეგობრის მიერ წარდგენილ საკითხებზე.

მათივე ცნობით, რუსთავი 2-ის საქმეზე საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 28 მარტს წარუდგინა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის 3 მარტს რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მეირ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ერთი დღით ადრე, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი