ნიკა გვარამიას განცხადებით სტასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ გვარამიამ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. გვარამიას თქმით, 8 მარტამდე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო საქმეში გაერკვევა, გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია.
“მინდა მივულოცო მთელს საქართველოს, ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან, სრულიად უპრეცენდენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ, პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში, შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც ეხება ადამიანების წამებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ან ეხება ადამიანების ექსტრადაციას. არასდროს, არც საკუთრების უფლებასთან მიმართებაში, არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით, სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს არის პირველი საქმე, ისტორიული საქმე”,- განაცხადა გვარამიამ.
2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ნიკა გვარამიამ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით ხვალვე მიმართავდნენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
გვარამიას თქმითვე, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებითაც ქიბარ ხალვაში დავობდა ყარამანიშვილების წინააღმდეგ, მაშინ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდება.