ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთავი 2-ის საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართო – ამ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
“ეს გადაწყვეტილება არის სტრასბურგის სასამართლოს პრეროგატივა და ჩვენ პატივს ვცემთ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტიტუტს,”- აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.
მათივე ცნობით, საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართვაზე განაცხადი კიდევ ექვს ორგანიზაციას ჰქონდა გაკეთებული, თუმცა სასამართლომ მათ უარი უთხრა. ესენია: ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი.
“სასამართლომ მათი თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ ომბუდსმენისა და საია-ს მიერ წარსადგენი მოსაზრებები არ უნდა ეხებოდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემოფარგლა მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებზეც პოზიციის დაფიქსირება თავად ითხოვეს. კერძოდ, ომბუდსმენი და საია პოზიციას არცერთი მხარის სახელით არ წარადგენენ. სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში პოზიციას წარადგენს საქმის მნიშვნელობის თაობაზე, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია − სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 89-ე მუხლებთან დაკავშირებით (იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს და მოსამართლეზე საქმის განაწილების კუთხით საკუთარ მოსაზრებებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს პრაქტიკის გათვალისწინებით.
მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოდან მიიღებს ომბუდსმენისა და საია-ს პოზიციას, საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს სასამართლო მეგობრის (მესამე მხარის) მიერ წარდგენილ საკითხებზე,”- აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.
მათივე ცნობით, რუსთავი 2-ის საქმეზე საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 28 მარტს წარუდგინა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის 3 მარტს რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მეირ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ერთი დღით ადრე, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.