უჩა ნანუაშვილის თქმით, ეს სახალხო დამცველის პირველი ანგარიშია, რომელიც მხოლოდ ახალი ხელისუფლების პერიოდს ეხება:
“ეს არის პირველი ანგარიში, რომელიც ეხება უკვე ახალი ხელისუფლების საქმიანობას. წინა ანგარიშში, რომელიც იყო წარდგენილი პარლამენტში, საუბარი იყო როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ახალი ხელისუფლების მხრიდან მომხდარი დარღვევების შესახებ. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, პრობლემები არის ძალიან ბევრი და კვლავ რჩება სერიოზული გამოწვევები. ეს ეხება, პირველ რიგში, შეუწყნარებლობის აქტიურ გამოვლენას, მთელი სიმწვავით წამოიწია სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის პრობლემამ, რასაც ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულად ანგარიშში საუბარია ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ჭელაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ ინციდენტებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არაადეკვატური იყო:
“რეაგირება რიგ შემთხვევებში იყო არაადეკვატური, კვალიფიკაცია იყო საკმაოდ მსუბუქი, რაც ფაქტიურად ახდენდა წახალისებას მსგავსი დანაშაულისა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. ეს არის, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემა, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს მაქსიმალურად დიდი ყურადღება”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.