ვანო მერაბიშჳილი აცხადებს, რომ აღნიშნული თანხით ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება:
“გზაში რომ მოვდიოდი, საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით და ჩემდაუნებურად დავთვალე, თუ რა უჯდება ხელისუფლებას თითოეული ჩემი ჩამოსვლა ქუთაისში. საკმაოდ დაფასებული ესკორტით მოვდივარ, გარდა საბადრაგო მანქანისა, კიდევ ოთხი პიკაპი მოგვყვება. შს მინისტრობის დროს ხშირად მიწევდა თანხების დათვლა და დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ჩამოსვლა მინიმუმ 5 ათასი ლარი უჯდება საქართველოს ბიუჯეტს. ამ თანხაში არ შედის პროკურორების თბილისიდან ქუთაისში მივლინების ხარჯები და არ შედის მოწმეების ჩამოყვანის ხარჯები. 5 ათასი ლარი დაახლოებით არის 60-70 პენსია ერთი პენსიონერის და 100-ზე მეტი სოციალურად დაუცველი პირის ხარჯი. ამ ფულით ძალიან ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ ამ ბიუჯეტში მილიარდერმა ივანიშვილმა მილიარდამდე გარღვევა დაუტოვა საქართველოს ერთ წელში.”
მერაბიშვილი აცხადებს, რომ აქამდე სასამართლოში გამოცხადებული ყველა მოწმის ჩვენება ერთმანეთს ჰგავს და პროკურატურას მოუწოდებს, შემდგომ სხდომებზე ისეთი პირები მოიყვანონ, რომლებიც განსხვავებულობას შეიტანენ პროცესში:
“სამწუხაროდ, საქართველო ეკონომიკური კრიზისის სპირალში შევიდა და იმის გამო, რომ საგარეო ვალების მოზიდვა ძნელია ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, მთავრობამ გადაწყვიტა შიდა ვალები აიღოს და ამით საბოლოოდ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში შევიდა საქართველო, რომლის გამოსწორება ისევ ჩვენ და ჩვენს მეგობრებს მოუწევს. მე მინდა პროკურატურას მოვუწოდო, გაუფრთხილდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს და შეეცადონ ისეთი მოწმეები მოიყვანონ, რომლებიც განსხვავებულობას შემოიტანენ სასამართლო პროცესში და ეს პროცესი არ დაემსგავსება ხელისუფლების თვალსაჩინო დემონსტრაციას, რომ მათ არავითარი მტკიცებუელბა არ გააჩნიათ ჩვენ წინააღმდეგ.
ხელისუფლებას ასეთი სერიოზული კრიზისის დროს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გაქრეს ოპოზიცია. შეეგუოს ხელისუფლება ოპოზიციას და ნაცვლად არასწორი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებებისა, აზრს მოეგოს და დაიწყოს ქვეყანაში რეალური აღმშენებლობა,” – აღნიშნა მერაბიშვილმა.