“ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული გავლენის გამო საეკლესიო პირთა ყოველ განცხადებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირთა კომენტარებს სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს და წუხილს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოს გამოკვეთილი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ რელიგიურ თანასწორობას ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს:

“საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტური დოკუმენტები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ რელიგიურ თანასწორობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ რწმენის, აზრის და რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია, ხოლო რელიგიის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც თანაბრად იცავს ყველა მორწმუნის თუ ათეისტის იდენტობასა და ცხოვრების წესს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
უჩა ნანუაშვილი ასევე მიესალმება ამ საკითხზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას.
თავისუფლების მოედანზე ხანუქას დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილი კონცერტის დროს მართლმადიდებელთა ჯგუფის წევრებმა სადღესასწაულო პლაკატები ჩამოხიეს და სცენის დაზიანება სცადეს. ადგილზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს და სასამართლომ მათ 100–100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
