“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ დღეს “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” ბრიფინგი გამართა და ქალაქის საკრებულოს 5 წევრის მიერ “პატრიოტთა” ფრაქციის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. გოჩა თევდორაძე ირწმუნება, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრებზე სუს-ი ზეწოლას ახორციელებს, რის გამოც ხუთმა წევრმა – გიორგი შავგულიძემ, მერაბ მეშველიანმა, ლევან კირკიტაძემ, ირინა ივანეიშვილამ და სერგო ლექვინაძემ ფრაქცია დატოვა:
“ჩვენ ვადასტურებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დატოვა ხუთმა წევრმა. გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდა საკრებულოს წევრებზე. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ეს არის თვითშემოქმედება სამხარეო სუს–ის ორგანიზაციის და ბატონი ირაკლი მელაშვილის. კარგი იქნება, თუ დაიწყება მოკვლევა და გამოძიება ამ საკითხების, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ ყველაფერს.”
ფრაქციის წევრი გოგიტა გოგელაშვილი ამბობს, რომ ის სუს–ის შენობაში დაიბარეს და “მეგობრულად ურჩევნდნენ” “პატრიოტების” რიგების დატოვებას. მისივე მტკიცებით, ზეწოლის მიზანი ფრაქციის უმცირესობაში გადასვლა იყო:
“იმ დღეს მხოლოდ მე ვიყავი სუს–ის შენობაში. ადგილი ჰქონდა „მეგობრულ რჩევებს“, თუმცა ეს რჩევები კარგად იცით რას ნიშნავს, როგორი ფსიქოლოგიური მომენტი არის, როცა იმ შენობაში ხარ. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ მისამართი შეეშალათ, თან ძალიან მაგრად, ცოტა სხვაგან უნდა მისულიყვნენ. მათი გეგმა იყო, რომ მე დამეტოვებინა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რათა ფრაქცია უმცირესობაში გადასულიყო. მე ვიკითხე, რატომ იქცევიან ასე, როდესაც წარმოვადგენ იმ პარტიას, რომელიც მხარს უჭერს პრემიერ–მინისტრს და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს. მე ჩემთვის გასაგები პასუხი ვერ მივიღე. ლოგიკურად გამოდის, რომ ისინი არიან პრემიერ–მინისტრის წინააღმდეგ.”
ზეწოლაზე განცხადებებს შეურაცხყოფად აფასებენ დეპუტატები, რომლებმაც ფრაქცია უკვე დატოვეს, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიზეზად შიდა პარტიულ პრობლემებს ასახელებენ. კერძოდ, მერაბ მეშველიანის თქმით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ არანაირი კოორდინაცია არსებობდა. ამის შესახებ მან დღეს ქალაქის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი შავგულიძესთან და ლევან კირკიტაძესთან ერთად ისაუბრა:
„ჩვენ, აქტიურ ადამიანებს გვაყენებენ შეურაცხყოფას და ცდილობენ გამოგვიყვანონ ისე, რომ თითქოს ვემორჩილებით ზეწოლას, რაც აბსურდია და ამით უნდა გადაფარონ თავიანთი სისუსტეები. კოორდინაციის არარსებობაზე მე ყოველთვის ვლაპარაკობდი. მე დღემდე არ ვიცი, პარტიის ზოგადი მიმართულება რა არის.”
მეშველიანის თქმით, ის არ აპირებს რომელიმე ფრაქციას შეუერთდეს. იგივეს აპირებს კირკიტაძე, ხოლო შავგულიძე ამბობს, რომ თუ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქცია მას წევრობას შესთავაზებს, დათანხმდება:
„ჯერ კონსულტაციები არ გაგვიმართავს საკრებულოს ამ წევრებთან. კონსუტლაციები უნდა შედგეს და ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე.
“პატრიოტთა ალიანსის” ბრალდებებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” შეკითხვებით მიმართა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს – ირაკლი მელაშვილს, თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხები ვერ მივიღეთ.
ქუთაისის საკრებულოს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციაში ამჟამად 7 წევრია, 5 წევრია „ქართულიც ოცნების“ ფრაქციაში, „ნაციონალური მოძრაობის ფრაქციებში 6 წევრია, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატების რიცხვი 6-ს შეადგენს.