ახალი ამბები

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის განცხადება ხანუქას დღესასწაულზე ინციდენტის თაობაზე

5 დეკემბერი, 2013 •
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის განცხადება ხანუქას დღესასწაულზე ინციდენტის თაობაზე

“მიგვაჩნია, რომ საქართველოში ყველა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული. მაშინ, როდესაც ჩვენი ერი ებრაელ ხალხთან მეგობრობის 26 საუკუნოვან მეგობრობას უსვამს ხაზს და ამაყობს იმით, რომ საქართველოში არასოდეს ჰქონია ადგილი ანტისემიტიზმსა და ანტიიუდაიზმს, მომხდარი ფაქტი საპირისპიროს მეტყველებს.


ეს არის ანტისემიტიზმის გამოვლინება, რის გამოც ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ. ქრისტიანები დავალებულები ვართ ებრაელი ერის და მათი რელიგიისგან. იუდაური კულტურისა და რელიგიის წიაღში ჩაისახა ქრისტიანობა. ებრაელმა ერმა მსოფლიოს აჩუქა ბიბლია და ის მორალურ-ზნეობრივი ფასეულობები, რაზეც დღეს თანამედროვე ცივილიზებული სამყარო დგას.


ებრაელი ერიდან გამოვიდა მაცხოვარი იესო ქრისტე, რომელიც უდიდეს სიყვარულს ავლენდა ისრაელიანების მიმართ. ჭეშმარიტი ქრისტიანობა არ არსებობს ნებისმიერი ერისა და რელიგიის, მით უმეტეს, ებრაელი ერის და იუდაიზმის პატივისცემის გარეშე.


ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინციდენტი უარყოფითად არ იმოქმედებს საზოგადოებაზე, რომელსაც სწორად ესმის ებრაელ ხალხთან მეგობრობის არსი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ავრცელებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი