“თავისუფლების მოედანზე რა ხდებოდა, არ ვიცი მე. დაკითხვაზე ვარ, თუ რა? თავხედობას თავი დაანებეთ! მღვდელი რომ გეუბნებათ, არ ვიციო, უნდა დაიჯეროთ. პირველად მესმის. გეუბნებით, რომ არ ვიცი და კარგად რომ ჩამეკითხები, კარგად გაგცემ პასუხს? დავბრუნდი ამ დილას თბილისში, ახლა მოგიყვეთ სად ვიყავი?” – ასეთი პასუხი გაგვცა პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა, როდესაც მივმართე შეკითხვით – რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს და ემიჯნება თუ არა ის სასულიერო პირების მიერ ანტისემიტიზმის გამოვლენას.
გუშინ, 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, სადაც ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ბოლო დღე ებრაელებმა და მრავალფეროვნების მხარდამჭერებმა კონცერტით აღნიშნეს, მოქალაქეების ჯგუფმა, მათ შორის სასულიერო პირებმა, პროტესტი გამოხატეს. მათი განცხადებით, პრეზინდეტის, გიორგი მარგველაშვილის ებრაულ დღესასწაულზე მისვლა და ებრაელი ხალხისთვის მილოცვა შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლებს.

