ახალი ამბები |

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ხმაურისა და ერთი დაპირისპირებული მხარის მონაწილეობით

10 მაისი, 2018 | | 3117
ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ხმაურისა და ერთი დაპირისპირებული მხარის მონაწილეობით

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა გაძლიერებული დაცვის ქვეშ, მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, თუმცა მას ახლა უკვე მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

ლიპარტელიანი ნაკრების მწვრთნელებთან და თანამოაზრე მოჭიდავეებთან ერთად ყრილობაზე შესვლას ცდილობს

Posted by netgazeti.ge on Thursday, May 10, 2018

ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ათამდე მათმა თანამოაზრემ ყრილობის დარბაზი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს. ჭრიკიშვილის განცხადებით, მათ დააფიქსირეს ის პრობლემები, რასაც აპროტესტებენ, რაზეც პასუხები ვერ მიიღეს და ამის შემდეგ ყრილობა დატოვეს.

ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განმარტებით, შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მოუწიათ კერძო დაცვის სამსახურის, “ალგანის” დაქირავება.

ყრილობის დახურულ ფორმატში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება დავით ქევხიშვილმა მიიღო. მისი თქმით, სპორტსმენებს შეუძლიათ 2-3-კაციანი ჯგუფების გაკეთება, რომლებსაც ყრილობაზე დასწრება შეეძლებათ.

ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ყრილობის მიზანია, ძიუდოს ოჯახმა ამ ფორმატში განიხილოს შექმნილი მდგომარეობა. მოჭიდავეები, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, კრიზისულ მდგომარეობას სწორედ ქევხიშვილის არასწორ მენეჯმენტს უკავშირებენ. შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, დავით ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს.

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა 4 მაისს განაცხადეს, რომ ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ბოიკოტს უცხადებენ და სანამ თანამდებობას არ დატოვებს, მონაწილეობას არც ვარჯიშში და არც შეჯიბრებაში არ მიიღებენ.

თავად დავით ქევხიშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისთვის გაუგებარია სპორტსმენების ბრალდებები, რადგან ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, მათი გვერდში დგომისა და მხარდაჭერის მეტი არაფერი გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი