ახალი ამბები

ჭრიკიშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გაშვებას ითხოვს

15 აგვისტო, 2018 • 3941
ჭრიკიშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გაშვებას ითხოვს

ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. ჭრიკიშვილს კითხვები აქვს ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილომდე წონით კატეგორიაში საასპარეზოდ გასაგზავნი კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

სპორტსმენის თქმით, ვინაიდან ევროპის ჩემპიონატი ქართველი ძიუდოისტებისთვის ჯილდოს გარეშე დასრულდა და ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთი ოქროსმედალოსანი თავად იყო, შესაბამისად, ბაქოშიც ის უნდა გაემგზავროს:

“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მე, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონაწილეობა მივიღე ხორვატიაში გამართულ გრან პრიზე იმ მიზნით, რომ ჩავრთულიყავი ჯანსაღ კონკურენციაში იმ სპორტსმენებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ მსოფლიოზე დასაყენებელ კანდიდატებს შორის. ვინაიდან ევროპის ჩემპიონატზე არ გაკეთებულა არანაირი შედეგი, წესების თანახმად, ყველას თანაბარი შანსი გვეძლეოდა, დავმდგადიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირებზე გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც შეთანხმებული იყო მწვრთნელებთან”, – ამბობს სპორტსმენი.

ჭრიკიშვილის თქით, ამის შემდეგ მის კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს უნგრეთში გასამართ გრან პრიზე უნდა ეჭიდავა, თუმცა ეს არ გააკეთა:

“ამ გრან პრიში მონაწილეობს უშანგი მარგიანიც, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია, ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე. ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არცერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო.

როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე” ,- ამბობს ჭრიკიშვილი.

ჭრიკიშვილის თქმით, ამის მიუხედავად, მას განუცხადეს, რომ ჩემპიონატზე მაინც ბექა ღვინიაშვილს გააგზავნიან ამ წონით კატეგორიაში:

“მე და მარგიანმა ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება, ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცირეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე. მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად მისპობენ შანსს გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე”, – ამბობს სპორტსმენი.

ძიუდოისტი ამ გადაწყვეტილებას ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებას უკავშირებს და აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერ დროსა და შეჯიბრზე დაუპირისპირდეს ბექა ღვინიაშვილს, რათა ობიექტურმა შემფასებელმა გააარკვიოს, ვინაა მათ შორის საუკეთესო:

“მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას”, – წერს ავთანდილ ჭრიკიშვილი.

ძიუდოისტი დარწმუნებულია, რომ ბოლო დროს მიღწეული წარმატებების გამო წორედ ის უნდა გაუშვან ბაქოში გასამართ ტურნირზე.

“ნეტგაზეთი” ძიუდოს ფედერაციასაც დაუკავშირდა. ფედერაციაში განგვიცხადეს, რომ გუნდის შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას იღებენ მწვრთენელები, ჭრიკიშვილის განცხადებაზე კი კომენტარს ვერ გააკეთებენ.

რაც შეეხება მწვრთნელს, მინდია ბოდაველმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუ ვინ გაემგზავრება ბაქოში საასპარეზოდ. მისივე თქმით, ორივე ძიუდოისტი ძლიერია და მწვრთნელებს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი