ახალი ამბები

ძიუდოს ნაკრების წევრები ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ვარჯიშს წყვეტენ

4 მაისი, 2018 • 1948
ძიუდოს ნაკრების წევრები ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ვარჯიშს წყვეტენ

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ბოიკოტს უცხადებენ და სანამ ის თანამდებობას არ დატოვებს, მონაწილეობას არც ვარჯიშში და არც შეჯიბრებაში არ მიიღებენ. ამის შესახებ ძიუდოისტებმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს უთხრეს.

“სანამ ფედერაციის ხელმძღვანელი თანამდებობას იკავებს, ჩვენ ვწყვეტთ ვარჯიშს, ვწყვეტთ შეჯიბრებზე… ამის ნათელი მაგალითია ავთანდილ ჭრიკიშვილის საქციელი, რომელიც დღეს ბოსნიაში უნდა ყოფილიყო შეჯიბრზე, დღეს კი ის ჩვენ გვერდით არის. ის ჩვენ გვერდით დგას იმ ბრძოლაში, იმისთვის, რომ ქართულ ძიუდოში იყოს ჯანსაღი მდგომარეობა და არა – ერთპიროვნული მმართველობა,” – განაცხადა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

როგორც ძიუდოისტები განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღეს, რაც ფედერაციის ხელმძღვანელობასა და მათ შორის საუბარმა შედეგი არ გამოიღო და მათი პოზიცია არ გაიზიარეს.

“ჩემთვის დღევანდელი შეჯიბრი, რომელიც ბოსნიაში იმართება, მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ პრობლემების გამო გადავყწვიტე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტი, და მე პირადად, თავის დანებებაც რომ მომიწიოს, სანამ ეს მმართველობა იქნება ფედერაციაში, სპორტის გამგრძელებელი აღარ ვარ,” – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

ცოტა ხნის წინ ისრაელში ჩატარდა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. დავით ქევხიშვილი ღიად გააკრიტიკა ყოფილმა ძიუდოისტმა და პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა. მან ქევხიშვილს “ქართული ძიუდოს განადგურებაში დასდო ბრალი. დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი გადადგა. დღეს ძიუდოს აღმასკომის სხდომაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი