ახალი ამბები

რეალური ისტორია ვეტერანის ფოტოს მიღმა

9 მაისი, 2018 • 6335
რეალური ისტორია ვეტერანის ფოტოს მიღმა

მოხუცი ვეტერანის ფოტომ, რომელიც მკერდზე მედლებით 9 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მარტოა, მოიცვა როგორც ქართული, ისე უცხოური სოციალური მედია. კაცს ერთ ხელში ყვავილები უჭირავს, მეორე ხელით კი ცრემლს იწმენდს.

პოპულარული ფეისბუკ მიმი ირწუმუნება, რომ  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მისი ბატალიონის ერთადერთი გადარჩენილი წევრია და მსვლელობაშიც ამის გამო იღებს მარტო მონაწილეობას, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ფოტოს რეალური ისტორია ფეისბუკში გავრცელებულისგან სრულიად განსხვავებულია.

როგორც BBC წერს, ფოტო რუსმა ფოტოგრაფმა, ალექსანდრ პეტროსიანმა 2007 წელს პეტერბურგში, ნაციზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადაიღო. ფოტოგრაფის თქმით, ის ვეტერანს არ გამოლაპარაკებია, მხოლოდ ფოტო გადაუღო.

როგორც პეტროსიანი ამბობს, ვეტერანი მსვლელობის დანარჩენ მონაწილეებს ჩამორჩა და სწორედ ამიტომაა ფოტოზე დამწუხრებული.

ამასთანავე, BBC-ის თქმით, ფოტოზე აღბეჭდილი ვეტერანის ვინაობა არ არის დადგენილი და, შესაბამისად, უცნობია მართლა მონაწილეობდა თუ არა ის მეორე მსოფლიო ომში.

ფოტოგრაფის თქმით, ფოტოს გადაღების მომენტში, კაცი, მისი ვარაუდით, 75 წელზე მეტის არ იქნებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი წითელ არმიაში ახალგაზრდები 17 წლიდან ირიცხებოდნენ. შესაბამსიად, ფოტოზე გამოსახული ადამიანი მინიმუმ 79 წლის უნდა ყოფილიყო.

ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ, წითელ არმიაში ობლებსაც რიცხავდნენ და არაა გამორიცხული, ომში უფროსი მებრძოლების ზედამხედველობის ქვეშ, 13 წლის ბავშვიც გაეგზავნათ.

BBC-მ მოხუცის მედლებიც შეისწავლა. როგორც ირკვევა, ნაკლებად სავარაუდოა ამ მედლების მფლობელს მაღალი საბრძოლო წოდება ჰქონოდა. სავარაუდოდ, ის ახალგაზრდა მებრძოლი იყო. ამასთანავე, ოფიცრები, როგორც წესი, გამარჯვების დღის მსვლელობაზე სამხედრო ფორმით მიდიან, თუმცა უფრო დაბალი წოდების მქონეთათვის არ არის უჩვეოლო არაფორმალური ჩაცმულობით მსვლელობაში მონაწილეობის მიღება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი