თვითმხილველების განცხადებით, 23 ნოემბერს, გვიან საღამოს, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოხაში ჩაცმულმა პირმა ორ ძმას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე ორი ჩოხაში ჩაცმული პირი იყო.
“ამოიღო ხმალი და ურტყა, უბრალოდ, ვერც ვერავინ ვერ ჩაერეოდა, იმ მეორე ბიჭს ხელი არ გაუნძრევია საერთოდ, ეგ ნასვამია და მე ვერ მივეკარებიო”– აცხადებს ერთ–ერთი თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 118–ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. შსს–ს თქმით, ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.
დაზარალებული გუშინ საღამოსვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმის განცხადებით, სხვა დაზიანებებთან ერთად პირს მოკვეთილი აქვს ნესტო:
“აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები სახით მიდამოში, არის ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა ლოყის მიდამოში, ასევე, თხემ–კეფის არეში. პირს მარჯვნივ მოკვეთილი აქვს ნესტო და აღენიშნება მრავლობითი ექსკორაციები. პაციენტი, მიუხედავად დაზიანებისა, ნევროლოგიურად კონტაქტურია, უტარდება დინამიკაში დაკვირვება და ჩაუტარდა შესაბამისი კონსულტაციები” – განაცხადა “რუსთავი 2″–თან საუბრისას ექიმმა მანანა სიქტურაშვილმა.
‘ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, გამოძიება რატომ მიმდინარეობს განზრახ ნაკლებად დაზიანების მუხლით, როცა ექიმი ამბობს, რომ დაზარალებულს მოკვეთილი აქვს ნესტო, შსს–ს განაცხადებით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაზარალებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიყენებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შესაძლებელია მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან,- ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 30 ოქტომბერს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ცივი იარაღის ტარება დასჯადი ხდება.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს უნდა დაემატოს 181!–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც- ქუჩებში, ეზოებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კინო/თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კაფეებში, რესტორნებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტო და რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე–ღამის ვადით.
აღნიშნულ კანონპროექტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენს ცივი იარაღის ტარება ნაციონალური სამოსელის ტარების დროს, როდესაც ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი) სამოსის ნაწილია. ასეთ შემთხვევაში პირზე სანქციები არ ვრცელდება.
გამონაკლისს ასევე წარმოადგენს ცივი იარაღის ტარება პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქტის შემოგროვებულობის მიზნით, სასოფლო–სამეურნეო, ან მესაქონლეობის მიზნით.