ახალი მოადგილე მინისტრმა თანამშრომლებს დღეს, 23 ნოემბერს წარუდგინა.  ალექსანდრე ბატიაშვილს დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. თავდაცვის სამინისტროში კი ზაზა ბროლაძე ჩაანაცვლა. 


უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ბატიაშვილი კურირებას გაუწევს ფინანსების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო ტექნიკურ საკითხთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს. ასევე, მის საკურაციო სფეროში ს.ს.ი.პ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი იქნება.


„მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ალექსანდრე ბატიაშვილის კანდიდატურაზე. მან წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იყო ძალიან კარგი მენეჯერი, უწესიერესი ადამიანი. მას ვენდობოდით წარსულში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან მართლაც შესძლო შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან ეფექტური და სწრაფი რეფორმები განეხორციელებინა. ძალიან გაგვიხარდა, რომ ერთობლივად სწორედ ლექსო შევარჩიეთ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას და გამართოს ის სტრუქტურები, რომლებიც ჩვენ ჯარს სრულად, ყველაფრით უზრუნველყოფს, რაც მას ამოცანის შესასრულებლად სჭირდება. ჩვენი პრიორიტეტები კვლავ განათლება, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა რჩება. აქედან გამომდინარე, ლექსო ძალიან დიდი შენაძენია თავდაცვის სამინისტროსთვის“ –განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბატიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ასევე, უშიშროების სამინისტროში იყო კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი. ხელმძღვანელობდა უშიშროების სამინისტროს კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განყოფილებას.

.

2003-2004 წლებში ბატიაშვილს უშიშროების სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2004 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი იყო. მოგვიანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

 

მინისტრის მოადგილეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე, გავლილი აქვს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების კურსები.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *