ომბუდსმენის ოფისის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, დასჯადია.
“საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლო რელიგიური დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ქმედება ყოველმხრივ, სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი სახის დანაშაულის განმეორება,”- ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.
იეჰოვას მოწმეების იურისტის, მანუჩარ ციმინტიას თქმით, 16 ნოემბერს ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს. საფანტის თოფიდან ორჯერ გასროლილმა ტყვიამ შენობის ფასადი დააზიანა.
ციმინტიას განცხადებით, მათ არ დაუნახავთ, ვინ გაისროლა შენობის მისამართით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარის გამოსაძიებლად მოკვლევა დაწყებულია.