ახალი ამბები

მდინარაძე: საგანელიძეს პოლიტსაბჭოს დატოვება გადავაფიქრებინეთ

1 მაისი, 2018 •
მდინარაძე: საგანელიძეს პოლიტსაბჭოს დატოვება გადავაფიქრებინეთ

ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის თქმით, დავით საგანელიძეს პარტიის პოლიტსაბჭოს დატოვება თანაგუნდელებმა გადააფიქრებინეს. მისი განცხადებით, პარტიის წევრებმა საგანელიძეს უთხრეს, რომ მის თანამდებობასა და პოლიტსაბჭოს წევრობას შორის შეუთავსებლობა არ არსებობს.

“სხვათა შორის, დავით საგანელიძემ დააყენა ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე. მას ჰქონდა წუხილი, ხომ არ იყო მისი დღევანდელი საქმიანობა ან თანამდებობა შეუთავსებელი ამ პოზიციასთან [პოლიტსაბჭოს წევრობასთან].
ჩვენ, განსაკუთრებით იურისტებმა, ვუთხარით, რომ არანაირი იურიდიული პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, რის შემდეგაც შეთავაზებას დათანხმდა და დარჩა პოლიტსაბჭოს წევრად”, – განაცხადა მდინარაძემ პოლიტსაბჭის სხდომის დასრულების შემდეგ.

დავით საგანელიძემ “ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ სტრუქტურის დატოვება სურდა, ვინაიდან ის, როგორც “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელი, პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავდა.

დავით საგანელიძის თქმით, პოლიტსაბჭოს დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც თანაპარტიელებმა დაუდასტურეს, რომ “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელობა და პოლიტსაბჭოს წევრობა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

„პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა, პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ(ბიძინა ივანიშვილი), ასე ბრძანეს, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. იყო მოსაზრება, რომ დიდი გამოცდილება მაქვს მართლაც პოლიტიკური ცხოვრების, არა მარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში, არამედ მანამდეც. მოგეხსენებათ, 16 წელი პარლამენტის წევრი ვიყავი და ეს წაადგება პარტიას. ამ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ხელისუფელების წევრები, მინისტრები პოლიტიკური ფიგურები არიან და ამ შემთხვევაში ფონდის ხელმძღვანელობა აბსოლუტურად არ არის ინტერესთა კონფლიქტი“ – განაცხადა დავით საგანელიძემ.

დღეს, 1 მაისს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ დაასახელა იმ პოლიტიკოსების ვინაობა, რომლებიც პარტიის მმართველ სტრუქტურაში იქნებიან წარდგენილი.  “ქართული ოცნების” ყრილობა მათ 11 მაისს დაამტკიცებს. პოლიტიკოსების ვინაობა, ვინც ახალ პოლიტსაბჭოში არ იქნებიან, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი