ახალი ამბები

შსს: იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს პოლიცია იძიებს

19 ნოემბერი, 2013 •
შსს: იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს პოლიცია იძიებს

“მომართვით არავის არ მოუმართავს. თუმცა, ამის მიუხედავად, შსს-ს თანამშრომლები მივიდნენ შემთხვევის ადგილას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, სამართლებრივი კლასიფიცირება მოხდება, რის შემდეგაც შესაბამისი მუხლით დაიწყება გამოძიება უახლოეს დღეებში,”- აცხადებენ შსს-ში. 

 

შსს-ს პრეს-ცენტრის ცნობით, მცდარია ინფორმაცია, რომ იაღოვას მოწმეებმა პოლიციას მიმართეს. პოლიცია თავად დაინტერესდა მას შემდეგ, რაც საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს.

 

livepress.ge-ის ცნობით, ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს. უცნობმა პირმა სამეფო დარბაზს ცეცხსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. დაზიანებულია შენობის ფასადი. 

 

იეჰოვას მოწმეების იურისტი მანუჩარ ციმინტია ამბობს, რომ პოლიციას მომხდარის შესახებ თავად შეატყობინეს. 

 

“ღამის საათებში იყო. პარასკევს, შაბათი დილა რომ თენდებოდა, მაშინ მოხდა ეს ფაქტი. შენობაში არავინ არ იყო. არც დარაჯები იყვნენ. ამ ტერიტორიაზე მსგავსი საშიშროება არასოდეს ყოფილა. ეს არის საფანტის, სანადირო თოფის, ნასროლი. ორჯერ გაისროლა და კედელი დააზიანა,”- განაცხადა ციმინტიამ.

 

იეჰოვას მოწმეების იურისტს მიაჩნია, რომ გამორიცხული არაა, მათ საკულტო ნაგებობას გამოზნულად ესროლეს და ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმიანციას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პოლიციის გამოძიებას დაელოდება. 

 

“შორიდან მოსული არ გააკეთებდა ამას. მოკვლევა უნდა. პოლიციას ამის გაკეთება არ გაუჭირდება”, – აცხადებს ციმინტია. 

 

მანუჩარ ციმინტიას თქმით, სამეფო დარბაზი ზემოეწერში 2012-2013 წლებში აშენდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი