ახალი ამბები

რელიგიათა საბჭო თანდოიანცის ეკლესიის სომეხთა ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს

1 მაისი, 2018 •
რელიგიათა საბჭო თანდოიანცის ეკლესიის სომეხთა ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე მშენებლობა და ტაძარი სომეხთა მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცეს.

საბჭოს წევრი ეკლესიები აღნიშნავენ, რომ თანდოიანცის ეკლესიის საკითხი არ არის ცალკე აღებული შემთხვევა და რელიგიური გაერთიანებებისთვის ის არის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის გადაუჭრელი პრობლემის ნაწილი და თვალსაჩინო მაგალითი.

“მრავალი წელია გულისტკივილით ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო არ იჩენს ნებას, დაუბრუნოს რელიგიური ნაგებობები ისტორიულ მესაკუთრეებს. ამასობაში, ძეგლების დიდი ნაწილი ინგრევა, იცვლება მათი იერსახე, იშლება არაერთი რელიგიური ჯგუფის უმნიშვნელოვანესი კვალი საქართველოს ისტორიაში და ირღვევა მრავალფეროვნებით მდიდარი ქართული კულტურის მთლიანობა”, – წერია საბჭოს გავრცელებულ განცხადებაში.

რელიგიათა საბჭო მოითხოვს:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს თანდოიანცის ეკლესიაზე მიმდინარე ზემოქმედება;
  • სამართლიანად გამოიკვლიოს აღნიშნული ეკლესიის ისტორია და უზრუნველყოს მისი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიისათვის დაბრუნება;
  • უმოკლეს დროში გადადგას რეალური ნაბიჯები რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საკუთრების დასაბრუნებლად;
  • ხელი შეუწყოს საქართველოს სიმდიდრის – რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და წარმოჩენას;
  • მოუფრთხილდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მის თვალსაჩინო ნაწილს – სხვადასხვა კონფესიების საკულტო ნაგებობებს.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები:

  1. ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  2. სომეხთა კათოლიკე ეკლესია
  3. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  4. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  5. სახარების რწმენის ეკლესია
  6. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
  7. მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
  8. ეზიდთა სასულიერო საბჭო
  9. ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”
  10. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  11. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  12. ხსნის არმია
  13. საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება
  14. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  15. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  16. მეგობართა საზოგადოება – კვაკერები
  17. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  18. ევანგელური ეკლესია „ურყევი საფუძველი“

თანდოიანცის ეკლესიის შესახებ

აღმაშენებლის #38-ში მდებარე სომხური ისტორიული ეკლესია სახელმწიფომ 2017 წლის 28 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე დაურეგისტრირა საკუთრებაში.

თანდოიანცის ეკლესიის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და საჯარო რეესტრს შორის დავა მიმდინარეობს.

საქმე ეხება დავით აღმაშენებლის გამზირზე, 38 ნომერში მდებარე ეკლესიას, რომელიც 1866 წელს საჰაკ თანდოიანცის თანხით ააშენეს.

1883 წელს ეკლესიის ეზოშივე საჰაკ თანდოიანცის მეუღლე კეკელამ და კეკელას ძმამ, ალექსანდრე ბაბანასიანცმა სამრევლო სკოლა ააშენეს. ამ შენობას დღემდე აქვს სომხური წარწერა, რომ ეს შენობა აშენებულია თანდოიანცების მიერ.

საბჭოთა პერიოდში კინოთეატრად გადაქცეული და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილი დაზიანებული ეკლესიის შენობა 2017 წელს საპატრიარქომ გადაიფორმა. საპატრიარქო ამტკიცებს, რომ “თანდოიანცის” ეკლესიის შენობა ქართველების მიერ აშენებულ ეკლესიაზე დგას.

ეკლესია ამჟამად დაზიანებულია. საპატრიარქოს სურს, ეკლესია ისე აღადგინოს, რომ თავდაპირველი იერსახე შეუცვალოს.

თანდოიანცის ეკლესიაზე მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი