ახალი ამბებიხელოვნება

საპატრიარქოს “თანდოიანცის” ეკლესიის შეცვლა სურს

7 მარტი, 2018 • 5578
საპატრიარქოს “თანდოიანცის” ეკლესიის შეცვლა სურს

ძეგლის სტატუსის მქონე სომხურ ეკლესიაში, რომელიც სახელმწიფომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა, საპატრიარქო რეკონსტრუქციას გეგმავს, რომლითაც შენობას არსებული სახე დაეკარგება.

მისცემს თუ არა ამის უფლებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ეკლესიაში არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდება. სამუშაოები საპატრიარქოს გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელსაც არქეოლოგი მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობს.

რატომ მისცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  “თანდოიანცის” ეკლესიაში არქეოლოგიური კვლევის წარმოების უფლება საპატრიარქოს, როგორც დაინტერესებულ მხარეს, სააგენტოში გვპასუხობენ, რომ ეს ტერიტორია საპატრიარქოსია და ამის საფუძველზე გასცეს ნებართვა. სააგენტოში აღნიშნეს, რომ ამ პროცესში ჩართული არიან არქეოლოგები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი თეა ონიანი გამორიცხავს კვლევის შედეგების გაყალბების შესაძლებლობას და მიუთითებს, რომ კვლევის ეტაპზე მათი მონიტორები პერიოდულად ამოწმებდნენ სამუშაოებს.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირის #38–ში მდებარე “თანდოიანცის” ეკლესია ამჟამად დაზიანებულია – არ აქვს სახურავი, კედლებს სჭირდება გამაგრება. ეკლესია დაკეტილია, რადგან იქ არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.

“ნეტგაზეთი” ეკლესიის ტერიტორიაზე შევიდა არქეოლოგ მერაბ ძნელაძესთან ერთად, რომელმაც გვითხრა, რომ აღმოაჩინეს საფლავის ქვები, რომელთაგან ორზე ქართული წარწერა იკითხება. ასევე, აღმოჩენილია ძველი ქართული ეკლესიების საძირკვლები, რომლებიც “თანდოიანცის ეკლესიის” აშენებამდე პერიოდში იდგა.

თანდოანცის ეკლესია 1900–იან წლებში, ფოტო სოფიო ჭანიშვილის კვლევიდან

თანდოიანცის ეკლესია. ხედი ზემოდან. ფოტო სოფიო ჭანიშვილის კვლევიდან

ძნელაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ადგილზე ბოლო ქართული ეკლესია 1812–16 წლებში მღვდელმა პეტრე იმნაძემ ააშენა ჯვრის გამოჩინების ეკლესიის სახელზე, რომელიც შემდეგ სომეხთა ეკლესიის წარმომადგენლებმა დაანგრიეს და მის საძირკველზე “თანდოიანცის” ეკლესია ააგეს.

სააგენტოში ამბობენ, რომ 30 მარტს დასრულდება არქეოლოგიური სამუშაოები. საპატრიარქოს უკვე აქვს წარდგენილი სააგენტოში რეკონსტრუქციის პროექტის ესკიზი, რომელის მიხედვითაც იცვლება ეკლესია.

თეა ონიანის თქმით, საპატრიარქოს წარმოდგენილი პროექტი არ ეფუძნებოდა კვლევებს, სააგენტომ საჭიროდ მიიჩნია დამატებითი კვლევის ჩატარება. ონიანის თქმით, ესკიზური პროექტი სავარაუდოდ შეიცვლება.

მერაბ ძნელაძე ამბობს, რომ რეკონსტრუქციის შედეგად კულტურული მემკვიდრეობა იმით იქნება დაცული, რომ არსებული კედლები შენარჩუნდება.

“რჩება კულტურული მემკვიდრეობის ის ნაწილი, რაც არის, მაგრამ შენდება ქართული ეკლესია”, – ამბობს მერაბ ძნელაძე.

სომხეთის ეკლესიის რეაქცია

“თანდოიანცის” ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემასა და იქ მიმდინარე სამუშაოებს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია აპროტესტებს. ეპარქიამ სპორტისა და კულტურის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, რადგან სააგენტომ ეკლესიაში არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების უფლება გასცა.

ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ ავაქიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოებს უნდობლობას უცხადებს.

“არქეოლოგიური სამუშაოებით ფაქტების გაყალბება ხდება და ჩვენ არც ვიცით, რა ხორციელდება”, – ამბობს ავაქიანი.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი საჯარო რეესტრის წინააღმდეგაც შეიტანა იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ისე გადასცა “თანდოიანცის” ეკლესია, არ დაინტერესებულა ამ ეკლესიის წარმომავლობით. პირველი სხდომა ამ საქმეზე 13 მარტსაა დანიშნული.

ეპარქიის შენიშვნები ქონების ეროვნულ სააგენტოსაც შეეხო. ეკონომიკის სამინისტროში სააგენტოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული საჩივარია შესული. იმისთვის, რომ საპატრიარქოს გზა გახსნოდა ეკლესიის დასაკუთრებაში, სააგენტომ მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე საკუთრების უფლება შეიჩერა. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის პრეტენზია იგივეა – ქონების სააგენტო ეკლესიის ისტორიული მესაკუთრის გარკვევით არ დაინტერესებულა.

საპატრიარქოს ესკიზური პროექტი, რომლის მიხედვითაც თანდოიანცის ეკლესიის რეკონსტრუქციის ჩატარება სურს

ეპარქიას სამართლებრივ დახმარებას “ადამიანების უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) და “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI) უწევენ.

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” იურისტი გვანცა ლომაია ამბობს, რომ სააგენტომ ნებართვა კანონის უხეში უგულებელყოფით გასცა, რადგან საპატრიარქომ ნებართვის მოთხოვნისას სააგენტოში არ წარადგინა კანონით მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტები, რომელიც შეიცავდა ცნობებს სამუშაოების მოცულობისა და კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ.

“ეკლესიაში არა მხოლოდ კვლევითი, არამედ არქეოლოგიური გათხრებიც ჩატარდა და ეჭვი გვაქვს, მალე რეკონსტრუქციაც დაიწყება”, – ამბობს გვანცა ლომაია.

გვანცა ლომაიას თქმით, სომხეთის ეპარქიის დავა საჯარო რეესტრის წინააღმდეგ პრეცედენტულია და მან ხელი უნდა შეუშალოს რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონების საპატრიარქოსათვის გადაცემის პრაქტიკას.

იურისტის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია სომხეთის ეპარქიას კიდევ 6 ეკლესიას ედავება, რომლებიც ასევე მარტივად შეიძლება აღმოჩნდნენ საპატრიარქოს ბალანსზე, რადგან სახელმწიფო ორგანოები საპატრიარქოსათვის ქონების გადაცემისას ქონების კონფესიურ და ისტორიულ მესაკუთრეს არ იკვლევს.

EMC-ის იურისტი ეთო გვრიტიშვილი ამბობს, რომ საქართველოს არ მიუღია რესტიტუციის კანონმდებლობა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

“სახელმწიფომ თანაბარი სამართლებრივი სტანდარტები [უნდა] შეიმუშაოს ყველა რელიგიური ჯგუფის მიმართ”, – ამბობს ეთო გვრიტიშვილი.

2016 წელს აღმაშენებლის გამზირის განახლების დროს გამოკრულ ბანერზე მითითებულია, რომ აღმაშენებლის #38–ში სომხური ეკლესია მდებარეობს.

მიხეილ ავაქიანი ამბობს, რომ სახელმწიფომ ერთპიროვნულად გადასცა ეს ეკლესია საპატრიარქოს ისე, რომ სომეხთა ეკლესია საქმის კურსში არ ჩაუყენებია. ეპარქია მოითხოვს, რომ ეკლესია დაუბრუნონ, ან ამ ეტაპზე მაინც სახელმწიფოს ბალანსზე დაბრუნდეს, სანამ არქეოლოგიურად არ შეისწავლიან.

[red_box]ვინ არის ეკლესიის ისტორიული მესაკუთრე[/red_box]

საპატრიარქო ამტკიცებს, რომ იქ, სადაც “თანდოიანცის” ეკლესია მდებარეობს, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მღვდელმა პეტრე იმნაძემ ჯვრის გამოჩინების სახელზე ეკლესია ააშენა.

მერაბ ძნელაძე ამბობს, რომ ჯვრის გამოჩინების ეკლესია სომეხმა სასულიერო პირებმა დაანგრიეს, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს. ძნელაძემ ასევე ვერ გვითხრა, თუ როგორი ტიპის ნაგებობა იყო პეტრე იმნაძის მიერ აშენებული ეკლესია. ამის არც ფოტომასალა მოიპოვება.

ძნელაძე იშველიებს ვახუტში ბაგრატიონის მიერ 1735 წელს შედგენილ რუკას, სადაც მაშინდელი ახალსოფლის [დღევანდელი აღმაშენებლის გამზირის დასაწყისი] ადგილას ეკლესიაა მონიშნული. ძნელაძის თქმით, ეს ეკლესია სომეხი თემის საკუთრება რომ ყოფილიყო, ვახუშტი აღნიშნავდა, როგორც სხვა შემთხვევებში აღნიშნა. არქეოლოგის აზრით, ის, რომ ამ ადგილას ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იდგა, არქიტექტურული ჩარევის გასამართლებლად საკმარისია.

“სომხური ეკლესიების დიდი ნაწილი არის გადაცემული სომხების ქვეშ. ჩვენ რუსეთმა დაგვიპყრო, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი რუსებზე, მან ჩვენი [თანხმობის] გარეშე ვიღაცას მისცა… უნდა აღდგეს ბოლობოლო სამართლიანობა,” – ამბობს მერაბ ძნელაძე.

სააგენტოსთვის გაგზავნილ შუალედურ ანგარიშში საპატრიარქო ნაკლებად საუბრობს “თანდოიანცის” ეკლესიის წარმომავლობაზე და არმენოფობიური პასაჟებით აგრძელებს მტკიცებას, რომ 1830-იან წლებში დაწყებული “გარუსების პოლიტიკის” დროს სომხური თემი ქართული ტაძრების მითვისებას ცდილობდა. საპატრიარქოს დასკვნაში განზოგადებულია სომხების სახე, როგორ იმ ერისა, რომლებმაც მიიტაცეს ქართული ეკლესიები.

“როგორც ჩანს, ასეთივე უკანონობის მსხვერპლი გამხდარა ახალსოფლის – კუკიის, ეკლესიაც (ეკლესიებიც)”, – ვკითხულობთ ანგარიშში. რომელი კონკრეტულ ფაქტზე  ან ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით მიდის დასკვნამდე, რომ “თანდოიანცის” ეკლესია მითვისებულია, ეს საპატრიარქოს ანგარიშში არ ჩანს.

სააგენტოსთვის გაგზავნილ ანგარიშში საპატრიარქო აცხადებს, რომ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოხსნეს იატაკის ინტერიერის პირველი – ბეტონის ფენა, რომელიც კინოთეატრის იატაკი იყო. მითითებულია, რომ “თანდოიანცის” ეკლესიის ადგილას მანამდე 3 ეკლესია მდებარეობდა,  ყველაზე ადრეული ეკლესია მე-15 – მე-16 საუკუნეებით თარიღდება.

საკუთარი პოზიციის გასამყარებლად საპატრიარქო ორი საფლავის ქვის აღმოჩენას იყენებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ერეკლე მეორის დროს მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნით. ანგარიშში მითითებულია, რომ ამ საფლავის ქვებზე ქართული წარწერები და ქორონიკონის ის სისტემაა გამოყენებული, რომელიც სამყაროს შექმნის ქართულ ტრადიციაზეა დამყარებული.

“თანდოიანცის” ეკლესიას ჯვრის გამოჩინების სახელით მოიხსენიებენ საპატრიარქოსთან დაკავშირებული წყაროებიც. ჟურნალ ამბიონში , 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ერთადერთი რესპონდენტი საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მთავარი სპეციალისტი ვარდიკო არაბულია, ამტკიცებენ, რომ სადაც “თანდოიანცის” ეკლესია დგას, იქ პეტრე იმნაძემ ჯვრის გამოჩინების ეკლესია ააგო.

ამავე სტატიაში მოხმობილია პლატონ იოსელიანის ცნობა, რომ წმინდა ჯვრის გამოჩინების ეკლესიის ადგილას 1856 წელს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია ააშენეს. თუმცა “თანდოიანცის” ეკლესიის აშენების თარიღად 1866 წელია მიჩნეული და თანაც ის ჯვარგუმბათოვანი არ არის.

ხელოვნებათმცოდნე ნატო ჩიტიშვილის თქმით, ჯვრის გამოჩინების ეკლესია იქ იდგა, სადაც დღეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია[ხეთაგუროვიხ ქუჩაზე] დგას. წმ. ნიკოლოზის ჯვარგუმბათიანი ეკლესია ამ ადგილას მოგვიანებით ააშენეს.

“თანდოიანცის” ეკლესიის სომხურ წარმომავლობაზე მიუთითებს ორი სხვადასხვა ხელოვნებათმცოდნე.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათში ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი წერს, რომ “თანდოიანცის” ეკლესია სომხური ეკლესია და მონასტერია, რასაც ტაძართან არსებულ სემინარიის ყოფილ შენობაზე არსებული სომხური წარწერაც ადასტურებს.

ანდრონიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ ადგილას მანამდე არსებობდა ქართული ეკლესიის ნანგრევები, თუმცა დღეს არსებული ეკლესიის შენობა ნამდვილად სომხური წარმომავლობისაა.

მეორე კვლევაში, რომელიც 2016 წელს მერიის დაკვეთით ჩაატარა ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილმა, ვკითხულობთ, რომ ლეონ მელიქსეთ-ბეგის ნაშრომში მოყვანილია ეგნატე იოსელიანისეული აღწერა, რომ 1807 წელს აშენებული უგუმბათო და აგურით აშენებული ეკლესია მდგარა, რომელიც სავარაუდოდ აქ დასახლებულ სომხებს აუშენებიათ.

ჭანიშვილის დასკვნის მიხედვით, “წმ. ღმრთისმშობლის ეკლესია სავარაუდოდ 1860 წელს ააგო საჰაკ თანდოიანცმა.”

“წმ. ღმრთისმშობლის (ე.წ თანდოიანცის) ეკლესიას თბილისის ხუროთმოძღვრების ისტორიაში საინტერესო ადგილი უჭირავს და სრულად ასახავს თანადროული ეპოქის მხატვრულ ესთეტიკასა და სამშენებლო ხელოვნებას. ეს არის მე-19 საუკუნის თბილისისთვის დამახასიათებელი საეკლესიო ნაგებობა, ფსევდოკლასიცისტური ფასადებით”, – წერს ჭანიშვილი.

ჭანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სასურველია ინტერიერი გაიწმინდოს ქვა-ღორღისგან, შენარჩუნდეს ხის კამარიანი გადახურვა, სასურველია დაზიანებული კედლებისა და ღიობების კონსტრუქციული გამაგრება და არსებული სტრუქტურის გამაგრება.

ნატო ჩიტიშვილს მიაჩნია, რომ საპატრიარქოს გეგმა ეკლესიას სრულიად შეცვლის. მისი განმარტებით, “თანდოიანცის” დარბაზული ტიპის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის სახეს მიიღებს. გეგმის მიხედვით, გარე ფასადზე თაღნარია გათვალისწინებული, რაც მანამდე ეკლესიას არ ჰქონდა.

მისივე თქმით, “თანდოიანცის” ეკლესიის ქვეშ ძველი ნაეკლესიარის აღმოჩენა არ აძლევს საპატრიარქოს უფლებას, ტაძარი უხეშად გადააკეთოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი