ახალი ამბები

თანდოიანცის ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის გამო სასამართლოს მიმართეს

1 მარტი, 2018 • 4695
თანდოიანცის ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის გამო სასამართლოს მიმართეს

თანდოიანცის ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის გამო სომეხთა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ეპარქიას სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და მრავალფეროვნებისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი უწევენ. პირველი სასამართლო სხდომა 13 მარტსაა დანიშნული.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა “თანდოიანცის” სომხური ეკლესია ისე გადასცა საპატრიარქოს, რომ არ შეუსწავლია ამ ეკლესიის წარმომავლობა და იყო თუ არა წარსულში ეს ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში.

სასამართლოს გარდა, ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროში ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, რომელმაც თანდოიანცის ეკლესია და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი საკუთრი ბალანსიდან ამორიცხა, რითიც საპატრიარქოს ეკლესიის გადაფორმება გაუადვილა.

საქმე ეხება დავით აღმაშენებლის გამზირზე, 38 ნომერში მდებარე ეკლესიას, რომელიც დღემდე შემორჩენილი სახით 1866 წელს საჰაკ თანდოიანცის თანხით ხის ეკლესიის ნაცვლად აგურის ეკლესია ააშენეს.

1883 წელს ეკლესიის ეზოშივე საჰაკ თანდოიანცის მეუღლე კეკელამ და კეკელას ძმამ, ალექსანდრე ბაბანასიანცმა სამრევლო სკოლა ააშენეს. ამ შენობას დღემდე აქვს სომხური წარწერა, რომ ეს შენობა აშენებულია თანდოიანცების მიერ.

საბჭოთა პერიოდში კინოთეატრად გადაქცეული და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილი დაზიანებული ეკლესიის შენობა 2017 წელს საპატრიარქომ გადაიფორმა. საპატრიარქო ამტკიცებს, რომ “თანდოიანცის” ეკლესიის შენობა ქართველების მიერ აშენებულ ეკლესიაზე დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი