ახალი ამბები

უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერად ღარიბაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

18 ნოემბერი, 2013 •
უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერად ღარიბაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

“ახალი კონსტიტუცია გულისხმობა, რომ უმრავლესობამ წარუდგინოს პრეზიდენტს მომავალი პრემიერის კანდიდატურა, დასრულდა უმრავლესობის სხდომა დღეს და წარდგენილი იყო ერთი კანდიდატურა – ირაკლი ღარიბაშვილის”, – განაცხადა საგანელიძემ.

 

დეპუტატები ამბობენ, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს:

 

“მივიღეთ გადაწყვეტილება და ოფიციალურად დავასახელეთ პრემიერ–მინსიტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი. მიგვაჩნია, რომ ირაკლი გააგრძელებს გზას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და ეს იქნება ის კურსი, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ჩვენ უკვე დავგეგმეთ, რომ ხვალ მოვუსმენთ მთავრობის შემადგენლობას კომიტეტებზე, პარლამენტში გვექნება კომიტეტის სხდომები და გვექნება კონკრეტული განხილვა. ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში, უკვე ოთხშაბათს, მთავრობის შემადგენლობას დავამტკიცებთ”, – განაცხადა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამარული შეხვედრის შემდეგ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

 

“მინდა გითხრათ, რომ ერთხმად მიიღო უმრავლესობამ გადაწყვეტილება, როგორც ამას მოველოდით, ბუნებრივია. ამავე დროს განისაზღვრა გრაფიკი მთავრობის წევრების წარმოდგენის პარლამენტში. ხვალიდან დაიწყება საკომიტეტო მოსმენები, მოუსმენს მას უმრავლესობა და უმცირესობა, ოთხშაბათს დაინიშნა სხდომა, სადაც უკვე საბოლოოდ დავასრულებთ მთავრობის დამტკიცების პროცედურას”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ვიქტორ დოლიძემ.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, იყო თუ არა რაიმე სახის შეკითხვები ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, დეპუტატები პასუხობენ, რომ დღეს ასეთი სახის შეკითხვები არ ყოფილა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეკითხვები კომიტეტებზე დაისმება.

 

იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი მარგველაშვილი დაეთანხმება უმრავლესობის შეთავაზებას, ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს მთავრობის წევრების შემადგენლობას. უკვე დაანონსებულია, რომ ღარიბაშვილი 17:00 საათზე გამართავს ამ საკითხზე ბრიფინგს.

 

დავით საგანელიძის თქმით, დღეს საღამოსვე ქუთაისში გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა, ხოლო ხვალ კომიტეტბში და ფრაქციებში მოხდება მთავრობის წევრების საკითხზე განხილვები.

 

პარლამენტი ახალ პრემიერსა და მთავრობას ოთხშაბათს, 20 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი