ახალი ამბები

GNCC-მა „ბილაინი“ 270 000 ლარით დააჯარიმა

27 აპრილი, 2018 • 1406
GNCC-მა „ბილაინი“ 270 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) შპს „ვიონი საქართველოს“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კომისიის განცხადებით, ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ შპს „ვიონი საქართველო“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს აქტიურად არღვევდა, კერძოდ:

“ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) სააბონენტო ნომერს მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე გასცემდა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.”

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის განცხადებით, შპს „ვიონი საქართველოს“ აღნიშნული დარღვევა ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაუფიქსირდა. GNCC-ის ცნობით, პირველ ეტაპზე მას კომისიამ გაფრთხილება მისცა, როგორც ამას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, ხოლო მეორე ეტაპზე -კომპანიის დაჯარიმება. კომისიის ინფორმაციით, გამეორებითი დარღვევის გამო კომპანია ამჯერად 270 ათასი ლარით დაჯარიმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი