ახალი ამბები

“გადაიხადეთ და შემოხვალთ”

14 ნოემბერი, 2013 •
“გადაიხადეთ და შემოხვალთ”

საზოგადოებრივ მოძრაობა “ეროვნულ ფრონტს” კი ამის არ სჯერა და 16 ნოემბერს, 22:00 საათზე მსგავსი ბარების დახურვის მოთხოვნით მასშტაბურ აქციას აანონსებს.

 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში თბილისში გახსნილ არაბულ და თურქულ კლუბებში საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაციის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. კვირას საზოგადოებრივმა მოძრაობამ “ეროვნულმა ფრონტმა” რესპუბლიკის მოედანთან, მიწისქვეშა გადასასვლელში მოქმედი კლუბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც გამართა, რაც ინციდენტით დასრულდა.

 

ამის შემდეგ ელბაქიძეზე განთავსებულ ღამის კლუბებს ვესტუმრეთ. დღის საათებში ეს კლუბები დაკეტილი დაგვხვდა, გარდა ერთისა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. კლუბში მომუშავე აზერბაიჯანელმა ხელოსნებმა საუბრისგან თავი შეიკავეს და ღამის საათებში მისვლა შემოგვთავაზეს. მათი თქმით, საღამოს საათებში ადგილზე მენეჯერები და ხელმძღვანელობა შეიკრიბებოდა.

 

ვარდების მოედნის ქვემოთ მდებარე გადასასვლეში, სადაც ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, დაახლოებით 10–მდე კლუბია გახსნილი, მათგან ზოგიერთის მფლობელი ირანის მოქალაქეა, ნაწილის – თურქეთის. კლუბების დიდი ნაწილი რესტორნების და დისკოთეკის სტილშია გაფორმებული, ხოლო ელბაქიძეზე განთავსებულ ერთ–ერთი კლუბში, რომლის მფლობელიც დაცვის წევრების ინფორმაციით, უკრაინელია, სტრიპტიზ ბარი ფუნქციონირებს.

 

დაახლოებით 22:30 საათზე ერთ–ერთ ასეთ კლუბში ყოველგვარი ფეისკონტროლის და გართულებების გარეშე შევედით. ბარის უცხოელ მეპატრონესთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ინტერვიუზე კლუბის დირექტორი დაგვთანხმდა, რომელიც ქართველია. “ნეტგაზეთთან” საუბარში იგი აცხადებს, რომ დაწესებულებაში არსებობს ფეისკონტროლი, რომელიც ყველა ეთნიკური ჯგუფის ადამიანს ეხება, მათ შორის ირანელსაც და ქართველსაც.

 

 

“ჩვენთან 50 ლარი ღირს შემოსვლა. ყველას ასე ვახდევინებთ, ვისაც გართობა უნდა, ცეკვა უნდა, დაჯდება, დალევს, იცეკვებს. ვისაც ფული აქვს, ამოიღებს და გადაიხდის. პატარა, 15–16 წლის ბიჭებს რა უნდათ? თუნდაც პეროვსკაიაზე რამდენი ბარებია ან თუნდაც ქართულ რესტორნებში, ყველაგან პრობლემას ქმნიან. რისი გულისთვის? – გადაუხდელობის გამო. ჩვენ ყველას ვუშვებთ, ოღონდ შემოსვლა არის ფასიანი, ეს ეხება ქართველებსაც, ირანელებსაც, არაბებსაც და ყველას. ბევრი ქართველი სტუმარიც გვყავს… რას მელაპარაკებით ახლა, მე თვითონ ქართველი ვარ, მე ვარ ამ დაწესებულების უფროსი და აქ ქართველს არ შემოვუშვებ?” – აცხადებს კლუბის დირექტორი, რომელიც გვთხოვს, რომ სტატიაში მისი სახელი და გვარი არ მივუთითოთ. იგივე გვთხოვეს, სხვა ადამიანებმაც, რომლებმაც შემდგომში “ნეტგაზეთთან” გასაუბრების სურვილი გამოთქვეს.

 

6 ნოემბერს ინტერნეტით მოხალისეების ჯგუფმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ აღმაშენებელზე და ვარდების მოედნის ქვემოთ გახსნილ ე.წ. არაბულ კლუბებში ქართველ ახალგაზრდებს არ უშვებენ და დაცვის წევრები ამბობენ, რომ შესაბამისი მითითება უფროსებისგან აქვთ მიღებული. ბარის დირექტორის თანაშემწე, ასევე ქართველი გოგონა, ამბობს, რომ დაწესებულებაში შესვლის პრობლემა იმ ადამიანებს აქვთ, ვინც სხვადასხვა დროს გარკვეული სახის პრობლემების შექმნასა და დებოშის მოწყობაშია შემჩნეული. მისი თქმით, ეს მხოლოდ ქართველებს არ ეხება:

– “სხვადასხვა [ეროვნების] ხალხია, რომლებიც ანგარიშს არ იხდიან ხოლმე, ან კლიენტებთან უხეშად იქცევიან. როდესაც ზიხარ მაგიდასთან, გართობა გინდა, მოვა ვიღაც ჩამოგიჯდება და რაღაც კამათი მოგდის – მათ ყველას გარეთ ვუშვებთ”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ვიდეომასალებში რამდენიმე ასეთი ადამიანი ამოიცნო.

 

ერთად აღებულ ყველა ზემოხსენებულ ღამის კლუბს საერთო ჯამში 10–ზე მეტი დაცვის წევრი ჰყავს, რომლებიც პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ფეისკონტროლს ძირითადად სწორედ ქართველები ვერ გადიან:

 

“დისკრიმინაციას აქ ადგილი არ აქვს, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ირანელები, ან თურქები დახურულ ივენთებს აკეთებენ, ვიღაცის დაბადების დღე, ქორწილიც კი აქვთ აქ გადახდილი, ანუ დაწესებულებას ხურავენ და არ უნდათ, რომ ვინმე სხვა შევიდეს. ასევე როგორც ხედავთ პატარა კლუბებია და ადვილად ივსება, ამ დროს მოდის ქართველი და იძახის შემიშვით, ვუხსნით, რომ ამის გამო ვერ შეხვალ, ის გეუბნება შემახედე მაინცო და ამ დროს იწყება კამათი”, – აცხადებს დაცვის ერთ–ერთი წევრი. რომელიც დასძენს: “ბარებში ასევე არ უშვებენ არასრულწლოვნებს ან ძალიან მთვრალ ადამიანებს, რომლებიც პოტენციური დებოშის საფრთხეს წარმოადგენენ”.

 

“ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც არის ფულის საკითხი. ამა თუ იმ დაწესებულებაში შესვლა ფასიანია – ზოგან 50 ლარი, ზოგან – 40-60 ლარი. როდესაც ეუბნები, რომ ეს თანხა მაგიდისთვის უნდა გადაიხადო, ამაზეც კამათი იწყება”.  “ამ უბნელი ვარ, ძმაო და აქ როგორ არ უნდა შემიშვა”.

 

დაცვის წევრი ხშირ პრაქტიკას იხსენებს – “უფულო კლიენტების მეორე კატეგორია დაცვას შესასვლელთან პირდაპირ მიმართავს ფრაზით – “ხუთი წუთით შემახედე”, რაზეც დაცვის წევრებისგან უარს იღებენ. გაწბილებულები ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას მიმართავენ და განაწყენებულები ტოვებენ ბარების ტერიტორიას”.

 

მოძრაობა “ეროვნული ფრონტის” ლიდერი ევგენი მიქელაძე, რომელიც ზემოხსენებული ბარების წინააღმდეგ გამოდის, ფიქრობს, რომ შესაძლოა, ღამის კლუბების წარმომადგენლების და მათი დაცვის წევრების “პოზიციების ცვლილება”, საზოგადოებაში ბოლო პერიოდში აგორებულმა კამპანიამ გამოიწვია. მისი თქმით, ზემოხსენებული ვიდეომასალის შემდეგ, სადაც ეთნიკური დისკრიმინაციაა ასახული, მათი მოქმედებები, როგორც ჩანს, უფრო ფრთხილი გახდა. “ნეტგაზეთის” კითხვას, თუ გადაამოწმა პირადად მან ინფორმაცია დისკრიმინაციის შესახებ, იგი პასუხობს:

 

“გადამოწმებული ინფორმაცია ის არის, რომ ჩვენ როდესაც 10 ნოემბერს შევიკრიბეთ ივერიის [ახლანდელი სასტუმრო “რადისონი”]  წინ, სადაც ვაპირებდით საპროტესტო აქციის გამართვას, ჩვენი ორგანიზაციის 2 წევრი ჩავიდა აღნიშნულ კლუბებში, სადაც ისინი ეთნიკური ნიშნით არ შეუშვეს. შემდეგ მოხდა ფიზიკური ძალის გამოყენება მათ წინააღმდეგ და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ის, რომ 50–მდე კაცი ჩავიდა იქ და ამან გამოიწვია დაპირისპირება. ამ დაპირისპირების დროს დაცვის ერთ–ერთმა წევრმა უკან წაიღო ხელი და იარაღის ამოღების იმიტაცია გააკეთა, რაზეც სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და ჩვენებებიც მიცემულია. ახლა ისინი რასაკვირველია მეტი სიფთხილით მოქმედებებს დაიწყებენ”.

 

ღამის დისკოთეკების დაცვის თანამშრომლები არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვინმეს იარაღით დაემუქრნენ, რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შეუშვეს აღნიშნული აქციის მონაწილეები დაწესებულებაში, აცხადებენ, რომ ეს მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო გააკეთეს.

 

ევგენი მიქელაძის თქმით, გარდა ეთნიკური დისკრიმინაციისა, ასევე არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზემოხენებულ მიწისქვეშა გადასასვლელში მოქმედი კლუბები “ნარკოტიკების გავრცელების წყარო და პროსტიტუციის ბუდეა”. ამ ინფორმაციის მტკიცებულებად კი მიქელაძეს “კვირის პალიტრაში” დაბეჭდილი ინტერვიუ და ის აზრი მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, საზოგადოებაში მუსირებს:

 

“გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში დიდი ხანია ეს აზრი ტრიალებს, ჩვენი წევრიც ჩასული იყო იქ დაახლოებით 3 თვის წინ და ჰქონდა კერძო სუაბარი დაცვის პირებთან, რომლებმაც ეთნიკური ნიშნით არ შეუშვეს. ამაზე საუბრობს უშუალოდ ერთ–ერთი გოგონა, რომელიც ერთ–ერთ კლუბშია დასაქმებული. იგი პირდაპირ ამბობს [ამ ინტერვიუში], რომ უცხოელი ემიგრანტების ინტერესს წარმოადგენს არასრულწლოვანი გოგონებიო. ეს გოგო ფაქტობრივად ჩვენებას აძლევს. ადამიანი პირდაპირ ადასტურებს, რომ ამ საქმიანობაში ჩართულები არიან არასრულწოვანი გოგონებიო, მეტი საბუთი რაღა უნდა იყოს?” – აცხადებს მიქელაძე.

 

რაც შეეხება იმას, არის თუ არა იგი ნამყოფი პირადად მსგავს კლუბში და თუ შექმნია რაიმე პრობლემა შეშვების, ან სხვა თვალსაზრისით, მიქელაძე ამბობს:

– “ამ კლუბებში საერთოდ არ ვყოფილვარ და არც ვიქნები, რადგან ისინი საერთოდ უნდა დაიხუროს”.

 

ე.წ. არაბულ ბარებში კი ამ ინფორმაციას სისულელს უწოდებენ. დაცვის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, პარტნიორის გაცნობა ნებისმიერ კლუბში და ღამის ბარშია შესაძლებელი, ამ მხრივ გამონაკლისს, არც ეს ბარები წარმოადგენს. დაცვის თანამშრომლებმა იმაში დასარწმუნებლად, რომ იქ არავითარი “უკანონო ბორდელები” არ არის გახსნილი შესაბამისი ოთახებით, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებს ექსკურსია შემოგვთავაზეს და დეტალურად დაგვათვალიერებინეს 5 დაწესებულება, რომელიც მხოლოდ საცეკვაო დარბაზისაგან, სამზარეულოსაგან, ტუალეტისაგან და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახისგან შედგება. დარბაზების ცენტრში საცეკვაო ბოძებია განთავსებული, თუმცა დისკოთეკების წარმომადგენლების განმარტებით, ეს სტრიპტიზისთვის არ არის განკუთვნილი და მას ცეკვის დროს ხშირად მამაკაცებიც იყენებენ.

 

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კანონიერად. არაფერს უკანონოს არ ვაკეთებთ. როგორც წესი და რიგია ისე მოიქცნენ სულ ყველა და თუ არ სჯერათ თვითონ შეამოწმონ, რომ აქ რამდენი ქართველი დადის. ეს არის სასაცილო, რასაც ეგენი აკეთებენ. ასეთი რამე გახსოვთ როდესმე? ეს დაწესებულება ძალიან დიდი ხანია არსებობს და ასეთი პრობლემა პირველად შეიქმნა ახლა. მე ამ სისტემაში პირველად არ ვარ, მთელი ცხოვრება ამ სისტემაში ვმუშაობ”, – ამბობს ზემოხსენებული კლუბის დირექტორი.

 

ეროვნული ფრონტის გადაწყვეტილებით, 16 ნოემბერს, 22:00 საათზე აღნიშნული კლუბების წინააღმდეგ რიგით მეორე აქცია გაიმართება შემდეგი მოთხოვნებით:

“დაიხუროს ის უცხოური კლუბები, სადაც ხდება ქართველების ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაცია. ასევე დადგეს იმ დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობა, რომლებმაც იციან, რომ იქ დანაშაულს მალავენ და ხელს აფარებენ. უნდა გამკაცრდეს სავიზო და საემიგრაციო რეჟიმი და დაიწყოს კონკრეტული გამოძიება ამ ბარებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”.

 

ევგენი მიქელაძის განცხადებით, მათი აქცია მშვიდობიანი იქნება, თუმცა გარკვეული პროვოკაციების შემთხვევაში თავდაცვის ფარგლებში ყველას ადეკვატურ პასუხს გასცემენ:

 

“თავდაცვის ფარგლებში ყველას უპასუხებთ, მაგრამ ჩვენ შეტანილი გვაქვს მერიაში განაცხადი, რომ ვატარებთ აქციას რესპუბლიკის მოედნაზე”.

 

უცხოური ღამის კლუბების ის წარმომადგენლები კი, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, აცხადებენ, რომ მათ ასეთი აქციების არ ეშინიათ და არც ბიზნესის დახურვას აპირებენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია გამწვავდება კვლავ პოლიციას ჩააყენებენ საქმის კურსში.

 

 

“ირაკლი წერეთლისაგან გვიკვირს. მთელი ცხოვრება აქციებში აქვს გატარებული და არ იცის, რომ აქ ჩვენთან დაცვის თანამშრომლებთან აქციის გამართვას აზრი არ აქვს?! წავიდნენ და იუსტიციის სახლთან ან პარლამენტთან გამართონ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება”, – ამბობენ დაცვის თანამშრომლები. მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც ზემოხსენებული კლუბები მდებარეობს, ბეტონის სვეტია აღმართული ეკლესიების გამოსახულებით და დაცვის თანამშრომლების განცხადებით, კარგი იქნება თუ ვინმე ამ სვეტის ზემოხსენებული ადგილიდან გადატანის მოთხოვნით გამართავს აქციას.

 

 

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, გეგმავს თუ არა შსს რაიმე სახის სპეციალურ მობილიზებას 16 ნოემბრის საღამოს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. უწყების პრესსამსახურში მოკლე განცხადებით შემოიფრაგლნენ:

 

“პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი