ახალი ამბები

ქსენოფობია, სიძულვილის გზავნილები ბავშვებისადმი და მითები კოვიდზე – დეკანოზ სარალიძის ქადაგება

26 იანვარი, 2021 • 1613
ქსენოფობია, სიძულვილის გზავნილები ბავშვებისადმი და მითები კოვიდზე – დეკანოზ სარალიძის ქადაგება

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედი ეკლესიის წინამძღვარი ადამიანებს ეთნიკური ნიშნით ლანძღავს, ბავშვების მიმართ სიძულვილის გზავნილებს, COVID-19-თან დაკავშირებით კი – კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს. დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგება 24 იანვრით თარიღდება. საპატრიარქოში ამბობენ, რომ ამა თუ იმ სასულიერო პირის ქმედებებზე რეაგირება, პირველ რიგში, მისი ეპარქიის პრეროგატივაა.

დეკანოზის ქადაგება სიძულვილის გზავნილებით

დეკანოზი თადეოზ სარალიძე მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. 24 იანვრით დათარიღებული ქადაგების ვიდეო “ფეისბუქში” აიტვირთა. მოგვიანებით ის ეკლესიის გვერდმაც გააზიარა.

სასულიერო პირი ამბიონიდან მრევლს სიკეთის გაცემის შესახებ ესაუბრებოდა, რა დროსაც სომხების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია გამოიყენა და ისინი წარმოაჩინა ადამიანებად, რომელთათვისაც მიუღებელია რაიმეს გაცემა.

“რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია. სომეხი ხომ არა ხარ, გაფუჭებული სომეხი. სომეხი რას ამბობს? რა გავცე, რის გავცეო…” – თქვა მან.

შემდგომ დეკანოზმა სარალიძემ მრევლს გაუზიარა ამბავი, როგორ მიაწოდა მაღალი ტემპერატურის პირობებში მომუშავე ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ცივი წყალი. მისი თქმით, ამის შემდეგ ახალგაზრდები გამოელაპარაკნენ და დაინტერესდნენ იქვე მშენებარე ეკლესიის საკითხით.

დეკანოზმა ეკლესიაში მყოფებს ეთნიკური აზერბაიჯანელები ასე დაუხასიათა:

“ეს ეკლესიაო – ხომ იცით, მაგათ ეკლესია არ უყვართ – ამ ეკლესიას ვინ აშენებსო? მთავრობა თუ თქვენო? ნახეთ, უკვე კონტაქტში შემოვიდნენ”.

სიკეთეზე საუბარი დეკანოზმა შემდგომაც განაგრძო და ამჯერად “ქურდული წრეების” მაგალითზე შეეცადა, აეხსნა მრევლისთვის მისი მნიშვნელობა. მღვდლის თქმით, იყო “იმ ბიჭებთან, იმ სისტემაში და მართლა ვაჟკაცები იყვნენ”.

“კომუნისტებთან ვერ ვმეგობრობდით, კომკავშირელებთან რაფერ ვიმეგობრებდით, აფერისტები იყვნენ, და ამ ქურდულ წრეში მქონდა… იმ პირველი მოთხოვნილება იყო, ავადმყოფს ნახულობსო? პატიმარს ნახულობსო? კანდიდატზე იყო ლაპარაკი.

ისინი ასწავლიდნენ პატიმრის ნახვას, მშიერის ჭმევას… ქურდი რომ მომკვდარიყო და გასვენებაში ქურდი არ მისულიყო… დამთავრებული ამბავია… რამდენი რამ შეიძლება ისწავლოთ იმ ხალხისგან, იცით, ხალხო?

…სააკიანმა რატომ გაყარა აქედან ის ქურდები, იცით? ჯერ ერთი, წილს ართმევდნენ, მერე მეორე – სამართალს… ამბობდნენ. “, – განაცხადა მან.

შემდგომ თადეოზ სარალიძემ ახალ კორონავირუსზე დაიწყო საუბარი. ის, ერთი მხრივ  დაუსაბუთებლად ირწმუნებოდა, რომ ადამიანებს, აცრის არგაკეთების შემთხვევაში, პენსიის მოხსნით ემუქრებიან, მეორე მხრივ კი, ამბობდა, რომ მრევლმა COVID-19 “ღვთისმშოვლის დახმარებითა და გენეტიკური სიძლიერით” გადაიტანა.

სასულიერო პირის სიტყვებით, სხვაგან ხალხი “პანტაპუნტით დაყარეს” იმიტომ, რომ “გენეტიკა არ უვარგათ და ღვთის წყალობა არ აქვთ”. მორიგ ქსენოფობიურ განცხადებაში, რომელიც ამჯერად ესპანელებს ეხება, სარალიძე დასძენს:

” ესპანელებზე მითხრეს, ხომ გითხარით: ფეხი რომ წამოკრას ქვას, ღმერთს იხსენიებს ცუდად ეს დეგენერატი. და კიდევ გაავსო ღმერთმა მკვდრებით იქაურობა და უარესს იზამს კიდევ”.

ბოლოს დეკანოზი თადეოზ სარალიძე შეეხო ბავშვებს, რომელთაც, მათი თქმით, ვირუსი ვერ მოერევათ, თუ იქნებიან “ვაჟკაცები, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები”. მორიგი სიძულვილის გზავნილი დეკანოზმა ბავშვების იმ ნაწილის მიმართ გაახმიანა, ვინც არ ჯდება მის მიერ ჩამოთვლილ ნორმებში.

“თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში… მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?” – თქვა მან.

“არათუ მღვდელს, არამედ უბრალოდ ქრისტიანსაც არ შეეფერება მსგავსი სიტყვების წარმოთქმა”

“რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის” წევრი და თეოლოგი ზვიად ცაბაძე ხსენებულ ქადაგებას შუღლისა და მტრობის გაღვივებად მიიჩნევს. ის იხსენებს რამდენიმე კვირის წინ მომხდარსაც, როდესაც ეკლესიის მიმართ გაისმა კრიტიკა ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან ებრაელების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.

“ეს თითქოს ჩაცხრა, არ არის დიდი ხანი გასული და უკვე ვხედავთ, რომ სხვა ეპარქიის მღვდელი ანტისემიტიზმს არმენოფობიასაც უმატებს…

ეს არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. ეს აღვივებს შუღლს და მტრობას, ახალისებს ძალადობას ეთნიკური ჯგუფების მიმართ და ჯამში, რაც დამაზიანებელია, წარმოაჩენს, რომ ეს არა მხოლოდ კონკრეტული სასულიერო პირის ქმედება და ქადაგება, არამედ ეკლესიაში მიღებული და დამკვიდრებული ერთგვარი საშიში ტრადიციაა.

ეს უნდა დაგმოს დაუყოვნებლივ საპატრიარქომ და ეპარქიის მღვდელმთავარმა”, – ეუბნება თეოლოგი “ნეტგაზეთს”.

დეკანოზ სარალიძის ქადაგების შეფასებისას ზვიად ცაბაძემ თქვა, რომ “არათუ მღვდელს, არამედ უბრალოდ ქრისტიანსაც არ შეეფერება მსგავსი სიტყვების წარმოთქმა”. მან ასევე ისაუბრა სახარების განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ბავშების მიმართ. მისი აზრით, სასულიერო პირი მათ სრულფასოვან პიროვნებებად არ აღიქვამს:

“სახარება აღმატებით მდგომარეობაში აყენებს ბავშვებს, მათი უბიწოებიდან გამომდინარე. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მღვდელი, ბავშებს, მიუხედავად მათი ასაკისა და სქესისა, ასევე, ქალებს, როგორც თანაბარ პიროვნებებს, ისე არ უყურებს.

აქედან გამომდინარეობს ყველა ასეთი სიტყვა, რაც ბავშვებისა და ქალების დისკრიმინაციას იწვევს. ეს რომ მარტო ამ მღვდლის პრობლემა იყოს, კიდევ გასაგები იქნებოდა. ცუდი, მაგრამ გასაგები. თუმცა ამ მღვდელს მსმენელი ჰყავს.

მსმენელების გულებსა და თავში ეს ყველაფერი ილექება და ადრე თუ გვიან გარკვეული დოზით მათ ქმედებებზე აისახება. ეს არის წამახალისებელი ძალადობისკენ, ჩაგვრისკენ და მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას”.

რას ამბობენ საპატრიარქოში

დეკანოზ სარალიძის ქადაგებასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთმა” ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელთან დაკავშირება სცადა. მის ნომერზე გვითხრეს, რომ მეუფე ადგილზე არ იმყოფებოდა და მისი დაბრუნების ზუსტი დრო ვერ დაგვისახელეს.

ამის შემდეგ ვცადეთ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან დაკავშირება. მისი თქმით, რეაგირება, პირველ რიგში, “შესაბამის ეპარქიას ეკუთვნის”.

“უნდა დაელოდოთ, გარკვეული დროა საჭირო შეფასებისთვის”, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი