ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მოქალაქეები ერთმანეთზე ზრუნავენ. მისივე განმარტებით, სოციალური დაცვის სისტემა გამოწვევებს ვერ პასუხობს:
“მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ზრუნავენ სხვა ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ასეთი გაუსაძლისი პირობები. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ადამიანების სოციალური პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არსებული სოციალური დაცვის სისტემა ვერ პასუხობს გამოწვევებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს არ დაელოდონ სახელმწიფოს ფუნქციონირებას და მათ არ დაუშვან, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახები ამ ზამთარში დარჩნენ ღია ცის ქვეშ.”
რაც შეეხება სასულიერო პირების რეაქციებს თავშესაფრის გახსნაზე, თაქთაქიშვილი ამბობს:
“ცხადია, ყველას აქვს აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და არასწორი იქნება იმის თქმა, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელს საერთოდ არ ჰქონდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთების უფლება, მაგრამ შემაშფოთებელი არის ამ კომენტარის შინაარსი. შემაშფოთებელია სასულიერო პირისგან წამოსული მუქარა, რომ ისინი არ დაანებებენ, არ დაუშვებენ, მოსპობენ, გაანადგურებენ, ეს პირველი. მეორე, ბოტკოველი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას თავშესაფრის არსთან დაკავშირებით. მესამე- ეს არის დისკრიმინაციული განცხადება იმიტომ, რომ, მათი თქმით, რადგან “იდენტობა” იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს, ამიტომ არ უნდა ჰქონდეთ მათ საქველმოქმედო საქმიანობის უფლება და ამაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც არანაირი პოზიცია არ არის დაფიქსირებული მთავარ, არსებით პრობლემასთან დაკავშირებით, რას აკეთებს ეკლესია, რას აკეთებს ეს სასულიერო პირი იმისთვის, რომ ნაცვლად, მაგალითად, ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილებისა, ის ძალიან დიდი შემოსავალი, რომელიც ეკლესიას აქვს, მოხმარდეს სწორედ ამ თავშესაფრის საჭიროების მქონე ოჯახებს და მათი სოციალური და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას.”
“იდენტობის” ორგანიზებით უნდა გაკეთებული თავშესაფარი უსახლკაროთათვის, თუმცა გუშინ ამის წინააღმდეგ გამოვიდა პატრიარქის მდივანი. მისი თქმით, ლგბტ ორგანიზაციის ეგიდით არ უნდა შეიქმნას თავშესაფარი. დღეს ორგანიზაცია “იდენტობამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საფრთხე შეექმნებოდა თავშესაფრის ბენეფიციარებს, რის გამოც მათ უარი თქვეს თავშესაფრის გახსნაზე.








