ახალი ამბები

გურამ ოდიშარია მიიჩნევს, რომ სადავო ეკლესიები კათოლიკურია

11 ნოემბერი, 2013 • • 1396
გურამ ოდიშარია მიიჩნევს, რომ სადავო ეკლესიები კათოლიკურია

გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ კომისია, რომელიც სადავო კათოლიკური ეკლესიების მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემის კანონიერების საკითხს სწავლობს, უკვე შეიქმნა და მუშაობს:

 

“ერთი კომისია დაკომპლექტებულია, რომელიც ამ საკითხებს სწავლობს. ეს უწყებათაშორისი კომისიაა და აქ უკვე იმ პრობლემებსაც შევისწავლით, რომლებიც როგორც კათოლიკეებს, ისე მართლმადიდებლებს, გრიგორიანელებს და ნებისმიერ კონფესიას ეხება. ჩვენ ვართ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ჩვენ ვიცავთ ნებისმიერ ძეგლს. მართალია, შინაარსობრივად, იდელოგიურად ეს სხვა სამინისტროების პრეროგატივაა – ზოგი რამ, ხანდახან კონფლიქტური სიტუაცია იქმნება, მაგრამ ჩვენ კომპლექსურად მათთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს.”

 

ოდიშარია მიიჩნევს, რომ 5 ეკლესია, რომლებსაც კათოლიკე ეკლესია მართლმადიდებლურ ეკლესიას ედავება, კათოლიკურია:

 

“დიალოგი აუცილებელია კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის, იმიტომ, რომ არ არსებობს პრობლება, რომლის გადაჭრა შეუძლებელია. ერთი და იგივე ბიბლიას ვკითხულობთ, ღმერთი გვიყვარს, მოყვასი გვიყვარს და არ შეიძლება ჩვენ საერთო არ ვნახოთ და რაც კათოლიკურია, კათოლიკეებისთვის უნდა იყოს ეს აუცილებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს ტაძრები კათოლიკურია.”

 

აღნიშნული მოსაზრების პარალელურად, ოდიშარია აცხადებს, რომ საკითხი დეტალურადაა შესასწავლი:

 

“ეს დეტალურად შესასწავლია. ჩვენ გვაქვს ასეთი ტაძრები, რომელიც რომელიღაც კონფესიისაა, მაგრამ იქ წინათ იყო ნატაძრალი, ძველი საყდარი იდგა სხვა კონფესიის, რომელიც დანგრეულია და შემდეგ სხვამ ააშენა და ასეთი კონფლიქტური სიტუაციაც არის ხოლმე, როგორც, ვისია, რანაირად და ა.შ.”

 

გურამ ოდიშარიამ “ნეტგაზეთს” კულტურის მინისტრად არჩევამდე 2012 წლის ოქტომბერში განუცხადა, რომ სამინისტროში შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც საფუძვლიანად შეისწავლიდა წლების წინ კათოლიკური ეკლესიების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის კანონიერების საკითხს.

 

დაპირებიდან 7 თვის თავზე, 2013 წლის მაისში, აღნიშნული კომისია შექმნილი არ იყო, რის მიზეზადაც მაშინ ოდიშარიამ საკითხის ირგვლივ არსებული “მაღალი ტემპერატურა” დაასახელა:

 

“ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, საბოლოოდ კომისია ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, სადავო ეკლესიებთან მიმართებაში ჩვენ ვიმოგზაურეთ, ბევრს დავდივართ რეგიონებში. სოფელ უდეში ვიყავი, სადაც არის კათოლიკური ეკლესია, რომელზედაც ძალიან ბევრი პროტესტი იყო განცხადებული კათოლიკეებიდან, შევისწავლეთ სიტუაცია. საკითხი ძალიან საფრთხილოა და ნაბიჯ-ნაბიჯ ვმოქმედებთ. თემის ირგვლივ არსებული ტემპერატურა უნდა დაეცეს და  მშვიდად უნდა გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი