ახალი ამბები

ჭიაბერაშვილის თქმით, პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს

11 ნოემბერი, 2013 • • 1350
ჭიაბერაშვილის თქმით, პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს

“მას შემდეგ, რაც პროკურატურის მოყვანილმა მთავარმა მოწმემ შპარგალკის გარეშე ვერ ისაუბრა და რამდენიმე მოწმე ჩვენი ადვოკატის კითხვებზე სერიოზულად დაიბნა, პროკურატურამ დაიწყო მასობრივად დაბარება სხვადასხვა რაიონებში მოწმეების და მათზე ახორციელებს ფსიქოლოგურ ზეწოლას. ეს ინფორმაცია გუშინ მასმედიის საშუალებით გავრცელდა მარტვილის რაიონის შესახებ, ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი ზესტაფონში,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება მოწმეებზე ზეწოლის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება:

 

“ვაგრძელებთ მოწმეების დაკითხვას და დღეს გამოძახებული გვყავს 15 მოწმე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ეწეოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ აგიტაციას და ამისთვის სახელწმიფო ბიუჯეტიდან მათ დაერიცხათ 240-240 ლარი, ეს მტკიცებულებები პირდაპირ ადასტურებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვას. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის სიცრუე, მოწმეებს პროკურატურაში დავიბარებთ თუ სასამართლოში, მათ რაღაც ფორმით და რაღაც დოზით ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, სად გამოცხადდნენ. შანტაჟი და მუქარა თუ ჰქონდათ ამ ადამიანებს, ისინი თვითონ განაცხადებდნენ და ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება ამას ნამდვილად არ სჭირდება,” – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება ვანო მერაბიშვილი.

 

“ჩვენ ვართ მოწმეების დაკითხვის ეტაპზე. საქმის გაჭიანურების მიზნით, პროკურატურამ საქმეში 3000-ზე მეტი მოწმე წარმოადგინა. ორი თვის განმავლობაში დაკითხულია 20-მდე მოწმე. ამ პროცესმა მიიღო კომიკური სახე. არც ერთი მათგანი მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დამნაშავეობაზე არ საუბრობს. ეს უბრალოდ ემსახურება დისკომფორტის შექმნას და პროცესის გაჭიანურებას,” – განაცხადა პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ოთარ კახიძემ.

 

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აქვთ წარდგენილი, რაც ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 
 
საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი