ახალი ამბები

მთავრობა: მივმართავთ პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა

9 ნოემბერი, 2013 •
მთავრობა: მივმართავთ პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა

“რამდენიმე საათია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშის ნაცვლად სხვა დროშაა აღმართული.

საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი, აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. ამავე კანონით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა კანონის უხეში დარღვევაა და დაუშვებელია ქვეყნის სიმბოლოების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან.

მივმართავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე”.– ნათქვამია განცხადების ტექსტში. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ნოემბერს სახელმწიფო დროშის ნაცვლად პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე გულებიანი დროშა ფრიალებს. აღნიშნული დროშა საქართველოს დროშის მსგავსია, განსხვავება ისაა, რომ ჯვრების ნაცვლად დროშაზე გულებია გამოსახული. ახალი დროშის პრეზენტაცია “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო ყრილობაზე გაიმართა და მიხეილ სააკაშვილმა პარტიას შეთავაზა, “ნაციონალური მოძრაობის” დროშა სწორედ გულებით დახატული დროშა ყოფილიყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი