ჭიკაიძე 28 წლისაა. მან 2007 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დიპლომატიის სპეციალობით დაასრულა.
მომავალი შს მინისტრის ბიოგრაფია თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რაც შეეხება პროფესიულ გამოცდილებას, 2013 წლის მარტიდან დღემდე შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, 2012 -2013 წწ – შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს ჭიკაიძე გახლდათ შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსი, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი.
იგი ასევე მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში.
მას აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება და ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მოქმედმა პრემიერ -მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ შემცვლელად მოქმედი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტი ღარიბაშვილს ოფიციალურად წარადგენს პრემიერის თანამდებობაზე და მას პრეზიდენტი დაამტკიცებს.