ახალი ამბები

საქმეები, რომლებიც მომავალ მთავარ პროკურორს უკავშირდება

8 ნოემბერი, 2013 •
საქმეები, რომლებიც მომავალ მთავარ პროკურორს უკავშირდება

“ოთარ ფარცხლაძე ჯერ მოქმედებს და მერე, ალბათ, ფიქრობს. არ მიკვირს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური გემოვნება ამ ადამიანზე შეჩერდა,”- ასეთ შეფასებას აკეთებს მთავარი პროკურორის კანდიდატზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, ოთარ ფარცხალაძეზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, სერგო რატიანი. 

 

“ამ ადამიანმა დაგვამახსოვრა თავი იმით, რაც განხორციელდა მერიის თანამშრომლების წინააღმდეგ, ეს იყო, ამ მთავრობისთვისაც კი, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პროცესი. გახსოვთ, როგორ მიიყვანა დილის 6 საათზე მერიის თანამშრომლები დაკითხვაზე,”- აცხადებს რატიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

ახალი პროკურორის კანდიდატურაზე საუბრისას, ასევე, თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩნოსნების დაკავებებზე ამახვილებს ყურადღებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზურაბ ჯაფარიძე.

 

“ერთადერთი, რაც ვიცი მის შესახებ, არის ის, რომ როდესაც ნატოს მნიშვნელოვანი დელეგაცია იმყოფებოდა საქართველოში, საკრებულოს და მერიის თანამშრომლები დააკავა მისმა უწყებამ და შემდეგ სრულიად გაუაზრებლად მოხდა მათი გათავისუფლება. ვერავინ ვერაფერი გაიგო. მაინცდამაინც პოზიტიურად არ მეტყველებს ეს ფაქტი ამ ადამიანზე. სხვა ინფორმაცია მის შესახებ ამ ეტაპზე არ მაქვს,”- აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში ჯაფარიძე. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრთა მოსაზრებას არ ეთანხმება ირაკლი სესიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. 

 

“ფორმულირება, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვდევნიდით, არასწორია, ჩვენ არავის ვდევნით, მხოლოდ და მხოლოდ ვახდენთ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას. თუ ვინმე რაიმეს დაარღვევს, მოუწევს პასუხისგება, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი იქნება, თუ ამჟამინდელი ჩინოვნიკი. ზოგადად მისი კანდიდატურის შეფასება გამიჭირდება, მე არ გახლავართ არც ფინანსისტი, რომ შევაფასო მისი საქმიანობა,”- აცხადებს სესიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში. 

 

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს გამოიტანა დადგენილება გიგი უგულავას ბრალდების შესახებ.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ივლისში თბილისის მერიის მაღალჩინოსნები- დავით ალავიძე, დავით ავალიანი, ალექსი თაბუაშვილი და დიმიტრი ჩხეიძეც დააკავეს. ისინი საგამოძიებო სამსახურმა საბუჯეტო სახსრების 48  930 822 ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულა.

 

ამავე უწყებამ ივლისის თვეში მიმალვაში მყოფი თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე პასუხისგებაში მისცა. 

 

თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრების დაკავებებთან დაკავშირებით მაშინ ერთობლივი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) გააკეთეს. მათი მაშინდელი განცხადებით, “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედებები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც ჩრდილს აყენებს მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობას. ამის გამო მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, ერთი მხრივ, მომავალში თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, ობიექტურად და ეფექტურად გამოიძიონ ზემოაღნიშული ფაქტები.”

 

“ოთარ ფარცხალაძე კარგი და ეფექტური მთავარი პროკურორი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალიან ეფექტური პროკურორი იქნება,”- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს, 8 ნოემბერს, მედიასთან საუბარში გააკეთა. 

 

ოთარ ფარცხალაძეს ბოლო 8 თვის განმავლობაში უკავია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა, მანამდე, 3 თვის განმავლობაში იყო უფროსის მოადგილე, ხოლო გასული 6 წლის მანძილზე მას საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამხარეო ოფისის უფროსის თანამდებობა ეკავა.


ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი