ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ მთავარი პროკურორის პოსტს ოთარ ფარცხალაძე დაიკავებს, რომელიც ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.
“მჯერა, რომ ის იქნება ძალიან ეფექტური მთავარი პროკურორი, კარგი გუნდი ეყოლება, დაკომპლექტებული ახალგაზრდა პროკურორებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები მოქმედ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება შს მინისტრი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ შერჩეული ჰყავს მისი შემცვლელი, რომლის ვინაობას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ახალი შს მინისტრი ახალგაზრდა იქნება.
ღარიბაშვილმა ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა თანამდებობები დატოვონ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
“ამ თემაზე ჭორების კომენტარი ჩემი საქმე არ არის”, – ასე გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს გიორგი მარგველაშვილი.
მისი თქმით, წარდგენილი პრემერი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად მუშაობს ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე:
“ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს უნდა მივცეთ დრო და შესაძლებლობა, რომ მან წყნარად იმუშაოს ამ მიმართულებით. მე ამ პროცესში არ უნდა ჩავერიო, არ უნდა გავაკეთო კომენტარი, ასეც გრძელდება, შესაბამისად, ჭორების პარალელულრად ჩვენ უნდა ველოდოთ ბატონი ირაკლის პოზიციას. მე პატივს ვცემ მის პოზიციას, რანაირადაც ბატონი ირაკლი ხედავს მომავალ მთავრობას. კონსულტაციებში არ ვმონაწილეობ იმიტომ, რომ ეს არ არის პრეზიდენტის პრეროგატივა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა არჩილ კბილაშვილს, რომელმაც გუშინ გააკეთა განცხადება მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე:
“ის იყო კარგი თანამებრძოლი. უაღრესად მძიმე დროს, როდესაც ჩვენ ყველანი ოპოზიციაში ვიყავით, ის ისეთ თემებს წყვეტდა ჩვენთან შტაბში, რომელიც უაღრესად რთული იყო. შემდეგ, ჩემი აზრით, ურთულეს პერიოდში იმუშავა მთავარ პროკურორად და მინდა მადლობა ვუთხრა მას, თავისი ორწლიანი საქმიანობისთვის, რომელიც მან გასწია კოალიცია “ქართული ოცნების” და ჩვენი სამშობლოს სამსახურში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
არჩილ კბილაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არსებობს დაპირისპირება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ განსხვავებული შეხედულებები აქვთ პრიორიტეტებთან, გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით.
“არავითარი უთანხმოება არ არსებობს ჩემსა და არჩილს შორის”, – ამ პასუხით შემოიფარგლა დღეს ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ კბილაშვილის გუშინდელ განცხადებაზე.
კბილაშვილმა გუშინ ასევე განაცხადა, რომ განსხვავებული პოზიცია ჰქონდა მოქმედ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთანაც პროკურატურის რეფორმის ტემპებთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადადგება ბიძინა ივანიშვილი და პრემიერის პოსტს დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.