ახალი ამბები

აგარიდან ფეხით ჩამოსულ მუშებს მთავრობის კანცელარიიდან ამ დრომდე არავინ შეხვედრია

20 აპრილი, 2018 • 2036
აგარიდან ფეხით ჩამოსულ მუშებს მთავრობის კანცელარიიდან ამ დრომდე არავინ შეხვედრია

აგარის შაქრის ქარხნის მუშებს, რომლებმაც აგარიდან თბილისამდე მანძილი პროტესტის ნიშნად ფეხით გამოიარეს, მთავრობის კანცელარიიდან ამ დრომდე არავინ შეხვედრია. თუმცა, როგორც დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ დღეს, 20 აპრილს, მთავრობის კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე თქვა, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღის ბოლომდე გაიმართება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ როდის და ვისთან გაიმართება შეხვედრა, გიორგი დიასამიძე პასუხობს, რომ მათ მოთხოვნა კანცელარიის უფროსთან შეხვედრაზე გააგზავნეს, თუმცა, კონკრეტულად ვისთან, არ აკონკრეტებს. მისივე განმარტებით, კანცელარიის პასუხში აღნიშნავენ, რომ შეხვედრა დღის ბოლომდე ქარხნის რამდენიმე წარმომადგენელთან შედგება.

რაც შეეხება აგარელების გეგმებს, როგორც პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, გიგა ბექაური ნეტგაზეთთან ამბობს, აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ აგარელები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას არ გამართავენ.

ამ მომენტში ჩვენ ისევ ვიცდით. ჩვენ ვითხოვთ ადეკვატურ პასუხს სახელმწიფოსგან, თუ რა სახის ღონისძიებებს ატარებს, რომ ეს პრობლემა აღარ იდგეს ამ ადამიანების წინაშე. ეს პასუხი არ უნდა იყოს ფარისევლური, პასუხი უნდა იყი მკვეთრი და რეალური, თუ კონკრეტულად რა პოლიტიკას გვთავაზობს ხელისუფლება. გვპირდებოდნენ, რომ გაიმერთებოდა შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასა და მთავრობას შორის, რომ რაღაც სახის პოლიტიკა შექმნილიყო. ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეხვედრა შედგეს არა წვრილი გადაწყვეტილების მიმღებ, არამედ რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირებთან,” – განმარტავს გიგა ბექაური.

ბექაური ასევე საუბრობს ბიზნესომბუდსმენის მოადგილის, ლევან კალანდაძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ხელისუფლებისა და საბანკო სექტორის შეხვედრის შემდეგ აგარელების საბანკო სესხები 6 თვით გადავადდება. როგორც ბექაური განმარტავს, ასეთი ინიციატივები არასაკმარისია.

“აგარელები ბიზნესომბუდსმენის მოადგილეს მსვლელობის დაწყების დროსაც შეხვდნენ, თუმცა მათი პოზიცია უცვლელია. შეხვედრა უნდა გაიმართოს არა რეკომენდატორებთან და ექსპერტებთან, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ ხალხთან. თუ ვინმე რაღაც ინიციატივებს იღებს, ეს ძალიან კარგია, თუმცა, ექვსი თვით გადავადება საკმარისი არაა, ეს ყველამ ვიცით. ჯერ ისიც უცნობია, თუ რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი. ცალკე კი ის არის, რომ ამ ხალხს ბანკის ერთი ვალის დასაფარად მეორე და მესამე სესხები აქვთ აღებული. არავინ არ მოდის, რომ ნორმალურად ახსნას, რა მოხდება,” – აღნიშნავს ის.

აგარის ქარხნის თანამშრომლების მსვლელობა სამი დღის წინ დაბა აგარიდან დაიწყო. ქარხნის თანამშრომლებმა 110 კილომეტრი ფეხით გაიარეს და თბილისში გუშინ, 19 აპრილს, გვიან ღამით ჩამოვიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა აგარის შაქრის ქარხნის ამუშავებაა, რომელიც 7 თვის წინ დაიხურა.

ვრცლად აგარის ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი