ახალი ამბები

“აგარის შაქარი” 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს – თურნავა

3 აპრილი, 2020 • 2254
“აგარის შაქარი” 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ “აგარის შაქარის” წარმოების განახლებაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, აგარაში მდებარე შაქრის მწაროებელი საწარმო დაახლოებით ორ თვეში მზად იქნება. მინისტრის განცხადებითვე, აქ წარმოებული შაქარი საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის ნახევარს დააკმაყოფილებს:

“ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა აგარის შაქრის კომბინატი, რომელიც კონკრეტული მაგალითია ადგილობრივი ბიზნესის აღორძინების. შესაძლებლობა გვაქვს საკუთარი რესურსითა და მხოლოდ ამ ერთი საწარმოს მუშაობის განახლებით თითქმის ნახევრამდე უზრუნველვყოთ ჩვენი ბაზრის შაქარზე მოთხოვნა. ინვესტორებთან და კომპანიის ხელმძღვანელებთან ვიმუშავეთ და ახლა უკვე მზად ვართ, საწარმოს განახლება დავიწყოთ ისე, რომ ორიოდე თვეში ეს ქარხანა მწყობრში ჩადგეს. ყველაფერთან ერთად ეს ნიშნავს 500-ზე მეტ დასაქმებულს. უახლოეს დღეებში მე და ლევან დავითაშვილი ვესტუმრებით საწარმოს და ადგილზე გავეცნობით, როგორ წავა განახლების პროცესი”, – განაცხადა თურნავამ.

დღეს, 3 აპრილს, პრემიერმა განაცხადა, რომ  ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს, მათ შორის საუბარია “აგარის შაქრის” ამუშავებაზე.

აგარის ქარხნის დასაქმებულებმა ქარხნის ამუშავების მოთხოვნით აქციები 2018 წლის მარტში დაიწყეს.  500–მდე დასაქმებული ამბობდა, რომ მთელი დასახლება შემოსავლის გარეშე დარჩებოდა. მათ ოჯახის წევრებთან ერთად 2018 წლის აპრილში თბილისამდე მსვლელობა მოაწყვეს. ისინი სამი დღის განმავლობაში თბილისამდე ფეხით მოდიოდნენ. თბილისში ჩამოსულებმა კი აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართეს. აქცია დაიშალა, რადგან ბიზნესომბუდსმენი მათ დაჰპირდა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა, საკითხები შეჯერდებოდა და დაახლოებით ორ თვეში ქარხანა სრულად ამუშავდებოდა.

აამუშავე აგარა! – საპროტესტო მსვლელობა აგარიდან თბილისისკენ [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი