ახალი ამბები

კბილაშვილის განცხადებას პოზიციების შეუთანხმებლობაზე ივანიშვილი და ღარიბაშვილი არ პასუხობენ

7 ნოემბერი, 2013 •
კბილაშვილის განცხადებას პოზიციების შეუთანხმებლობაზე ივანიშვილი და ღარიბაშვილი არ პასუხობენ

არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი

“არც იმას უარვყოფ, რომ პროკურატურის გარდაქმნისა და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის დროსთან დაკავშირებით ჩემი და პრემიერის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს შეეხება დროს და არა პრინციპს. პრემიერი, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურა უნდა შევქმნათ, ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ. ვნახოთ, დრო აჩვენებს რამდენად ვცდებოდი”, – ეს განცხადება კბილაშვილმა დღეს, 7 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, თუმცა არ განმარტა, კონკრეტულად რას გულისხმობს სწრაფ მოქმედებებში და ივანიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ პრემიერს პროკურატურის რეფორმის შენელება სურს.

პრემიერი–მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი ამბობს, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც კომენტარი უშუალოდ ივანიშვილმა უნდა გააკეთოს და არა მისმა პრესცენტრმა:

“თავად პრემიერი განმარტავს აუცილებლად, როცა ამის საშუალება იქნება. პრემიერმა უნდა განმარტოს, რა იგულისხმება კბილაშვილის ამ განცხადებაში. ამ კვირაში, ალბათ, რაღაც ღონისძიება დაიგეგმება და ჟურნალისტებს გექნებათ საშუალება, რომ დაუსვათ მას კითხვა”.

კბილაშვილმა დღეს უარყო მოსაზრება, რომ თანამდებობას მომავალ პრემიერი–მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან კონფლიქტის გამო ტოვებს და თქვა, რომ მას ამ უკანსკნელთან ღირსეული, კოლეგიური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, თუმცა გარკვეულ აზრთა სხვადასხვაობაზე მაინც მიანიშნა:

“რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა და გვაქვს განსხვავებული შეხედულებებიც პრიორიტეტებთან, გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული ერთ გუნდში მყოფი საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია, რაც ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს ბიძინა ივანიშვილის რეფორმატორთა გუნდში”.

შსს–ში კბილაშვილის განცხადების თაობაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე კი ამბობს, რომ კბილაშვილი იმაზე მეტ განმარტებას, რაც მის დღევანდელ განცხადებაში იყო, არ გააკეთებს:

 

“ამაზე მეტი განმარტებები არ იქნება, რადგან მან განაცხადა, რომ ამაზე მეტი განმარტების გაკეთებას არ თვლის საჭიროდ. ის არ აპირებს ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ზედმეტი განმარტებების გაკეთებას. მან უკვე გააკეთა განცხადება. ამით შეგიძლიათ ისარგებლოთ. ამაზე მეტი კონკრეტული განმარტებები არ იქნება”, – ამბობს პაიჭაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი