ყოფილი მასწავლებელი 139-ე სკოლის დირექტორს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს

დღეს, 20 აპრილს,  თბილისის 139-ე სკოლაში ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სკოლის დირექტორის, ნათია ფხალაძის მიერ,ამავე სკოლის პედაგოგის, ლელა მაზმიშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დისკრიმინაციულია. ნეტგაზეთმა სცადა სკოლასთან და რესურს-ცენტრთან დაკავშირება, რათა მეტი დეტალი გაეგო.

როგორც ნეტგაზეთს რესურს-ცენტრის ისან-სამგორის რაიონის განყოფილებაში უთხრეს, მათი წარმომადგენელი მეგი როსტიაშვილი სკოლაში იმყოფებოდა. როგორც როსტიაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სკოლასთან პროტესტს რამდენიმე მეათეკლასელი გამოხატავს, თუმცა სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა.

ჩვენთვის დაუშვებელია მოსწავლის ჩარევა აღნიშნულ პრობლემაში იმიტომ, რომ ეს არის დავა მასწავლებელსა და დირექტორს შორის. დისციპლინური კომიტეტისა და დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება მასწავლებელს შეუძლია სასამართლოში,” – განაცხადა მეგი როსტიაშვილმა.

მისივე თქმით, აქციის ზოგიერთი მონაწილე საერთოდ არ არის ამ სკოლის მოსწავლე, თუმცა, ჩვენს კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გამოიტანა დისციპლინურმა კომიტეტმა პედაგოგის გათავისუფლების გადაწყვეტილება, ან სკოლაში თუ იყო შესული დირექტორზე ასეთივე შინაარსის სხვა განცხადებები, როსტიაშვილმა პასუხი არ გაგვცა.

მომხდარის შესახებ ყვება თავად პედაგოგი, ლელა მაზმიშვილი. როგორც ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში აცხადებს, სკოლის დირექტორი ნათია ფხალაძე სამსახურეობრივი უფლება-მოსილებებს ბოროტად იყენებს, ხოლო ნებისმიერს, ვინც მის გადაცდომებზე საუბრობს, ანგარიშსწორებით ემუქრება.

“რამდენიმე თვის წინ ქალბატონი ნათია ფხალაძე იმ პედაგოგებს, ვინც განათლების სამინისტროში განცხადება შევიტანეთ მისი გადაცდომების შესახებ და ეს მას დაუდასტურდა, ის შეგვპირდა, რომ წელსა და კისერში გადაგვტეხავდა, რის გაკეთებასაც, როგორც ჩანს, აპირებს. გუშინ გაკვეთილების დასრულების შემდეგ ქალბატონმა ნათიამ დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებით სცადა ჩემი გათავისუფლება ისე, რომ გასაჩივრების საშუალებაც არ დამიტოვა. გავასაჩივრებთ, სავარაუდოდ, სახალხო დამცველსაც მივმართავთ იმიტომ, რომ სკოლაში იკვეთება დევნა, შერჩევითი სამართალი და დისკრიმინაცია ნათია ფხალაძის
მხრიდან. ის ცდილობს, რომ სკოლაში ჰქონდეს დიქტატურა,” – განმარტავს პედაგოგი.

ნეტგაზეთი არაერთხელ დაუკავშირდა სკოლასა და მის დირექტორს, ნათია ფხალაძეს, თუმცა სკოლაში აღნიშნულზე კომენტარი არ გააკეთეს. რაც შეეხება ფხალაძეს, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ნეტგაზეთი მზადაა, ნათია ფხალაძის დაუთმოს დრო და სივრცე საკუთარი არგუმენტებისთვის.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 139-ე სკოლაში 944 მოსწავლე სწავლობს და მათ 57 მასწავლებელი ასწავლის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან