ახალი ამბები

სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია — სამინისტრო

25 სექტემბერი, 2021 • 1042
სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია — სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანახმად, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია.

“როგორც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს”, — დასძენს უწყება.

განცხადებაში ნათქვამია რომ მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება.

“შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება”, — ამბობს სამინისტრო.

NCDC-ის მონაცემებით, 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ჩატარებულია 1 729 672 აცრა. სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 26.7%.

ბოლო ერთი კვირაა, ქვეყანაში აცრის ტემპი შენელებულია. აგვისტოსგან განსხავავებით, როდესაც დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, დღეს ეს რიცხვი თითქმის განახევრებულია, ყოველდღიურ აცრილთა შორის უმეტესობა კი მეორე დოზაზე მიდის.

ვაქცინაცია შენელდა – სად დაუშვა სახელმწიფომ შეცდომა?

მასალების გადაბეჭდვის წესი