საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული ქართული ენის, ქართულის – როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის მასწავლებლები დააჯილდოვა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც წლებია ემსახურება პედაგოგების როლის დაფასებასა და მათი შრომის აღიარებას.
- 2022 წლის კონკურსის ფარგლებში ქართული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა დიანა წურწუმიამ მოიპოვა;
- ქართულის, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის საჯარო სკოლის პედაგოგი ზვიად ფიფია გახდა;
- ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებლის წოდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის მასწავლებელს ქეთევან ემრაშვილს მიენიჭა;
- გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია კილაძე დასახელდა.
კონკურსის გამარჯვებულებს მინისტრმა საპატიო ჯილდო – საუკეთესო მასწავლებლის სამკერდე ნიშანი და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. ამასთან, მასწავლებლებმა პლანშეტები და სპეციალური პრიზები მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
2022 წლის ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა. კონკურსის პარტნიორები არიან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა.
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე, სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.