ახალი ამბები

26 მაისის საქმეზე მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

6 ნოემბერი, 2013 •
26 მაისის საქმეზე მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, მათ შორის: გიგი წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი, კობა ხაბაზი, დიმიტრი შაშკინი. სხდომის ვიდეოგადაღებას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გარდა სრულად ახორციელებს მთავარი პროკურატურის პრესსამსახური.

 

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე განიხილება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობების დასაშვებობის საკითხები:

 

“ჩვენ გვაქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. შემიძლია განსაკუთრებით გამოვყო ორი ექპერტიზის დასკვნა. ერთ-ერთი დასკვნა ჩვენ ევროკავშირის ქვეყანაში ფუნქციონალურ ექსპერტებს დავუკვეთეთ და შეეხება იმას, თუ რამდენად სწორად იყო დაგეგმილი არალეგიტიმური მიტინგის დაშლის ღონისძიება და რამდენად სწორად იყო მერაბიშვილის მიერ გაცემული ბრძანება.

 

ორივე დასკვნამ ცალსახადა აჩვენა, რომ მერაბიშვილმა გასცა აბსოლუტურად კანონიერი ბრძანება, ცალსახადაა მითითებული, რომ გეგმა შედგენილი იყო აბსოლუტურად კანონზომიერად, უბრალოდ, მოხდა ის, რომ ორგანიზატორებმა დატოვეს ქაოტურად შემთხვევის ადგილი, მოხდა ერთი პოლიციელის და ერთი მომიტინგის გარდაცვალება. შესაბამისად, ამის შემდეგ რიგ შემთხვევებში წარმოიშვა პოლიციელთა მხრიდან აგრესია, მაგრამ ეს არ იყო განპირობებული თავად მერაბიშვილის ბრძანებით”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომას, ასევე, ესწრება 26 მაისს მიტინგის დაშლის შედეგად დაღუპული პოლიციელის, ვლადიმერ მანსურაშვილის დედა, ანა აზაურაშვილი:

 

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

“დღეს მოვედი იმიტომ, რომ ვგულშემატკივრობ ბატონ ვანო მერაბიშვილს. მას რომ წინასწარ სდომებოდა სისხლისღვრა, ჩემი შვილის დეპარტამენტის ბიჭებს ტაბელურ იარაღს სეიფში არ ჩააკეტინებდნენ. ჩემი შვილის მკვლელი არის ბურჯანაძე და მას რუსეთის წინაშე ვალი უნდა მოეხადა და დღეს თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს უნდა იყოს ბურჯანაძე”, – განაცხადა მან. 

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურორების აცილების საკითხი დასვა. თავად ვანო მერაბიშვილის თქმით, პროცესზე წარმოდგენილნი არიან ახალგაზრდა პროკურორები:

 

“მე არ მინდა, რომ ეს პროცესი მათ ცხოვრების ბოლომდე შავ ლაქად დარჩეს. ივანიშვილის, კბილაშვილის, ღარიბაშვილის პირადი შურისძიებისკენაა მიმართული ეს პროცესი და მინდა დავინდოთ ახალაგაზრდა პროკურორები და მოვიყვანოთ პროკურორები, რომლებიც დღედღეზე პენსიაზე გავლენ,” – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით, აცილება გამომდინარეობს იქიდან, რომ მერაბიშვილი იმ დროისთვის იყო მთავრობის წევრი და, შესაბამისად, მის დევნას უნდა ახორციელებდეს მთავარი პროკურორი:

 

“ესენი კი არ არიან მთავარი პროკურორები და არც რწმუნებები აქვთ იმის თაობაზე, რომ დევნა მთავარმა პროკურორმა დაიწყო,” – განაცხადა კახიძემ.

 

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ეს შუამდომლობა. მისი თქმით, იმ დროისთვის ვანო მერაბიშვილი მთავრობის ყოფილი წევრი იყო და, შესაბამისად, არ არსებობს პროკურორების აცილების საფუძველი.

 

პროცესის დაწყებამდე “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართეს.

 

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე ბრალი 2013 წლის 28 მაისს წაუყენეს.

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით,  2011 წლის 26 მაისს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომაშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.

 

მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აღნიშნული საქმის გარდა მერაბიშვილს კიდევ სამ ეპიზოდზე აქვს ბრალი წაყენებული – დასაქმების სახელმწიფო პროგრამის საქმეზე, აგარაკის და სანდრო გირგვლიანი მკვლელობის საქმეებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი