ახალი ამბები

თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვა რეგიონებში გაგრძელდება

5 ნოემბერი, 2013 • • 1473
თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვა რეგიონებში გაგრძელდება

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი ასეთი შეხვედრა ხვალ გორში გაიმართება, მანამდე კი დღეს, 5 ნოემბერს მინისტრმა დავით ნარმანიამ თვითმმართველობის მთავრობის მიერ მოწონებული პროექტი არასამთავრობო სექტორსა და სპეციალისტებს გააცნო სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორიც ფონდი ღია საზოგადოება საქართველო იყო.


“ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად კოსმეტიკური ცვლილებებისა, 20 წელია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა რეალურად არ განხორციელებულა და წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თვითმმართველობები

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

არიან სუსტი ადგილობრივი წარმონაქმნები, რომლებიც ვერ აგვარებენ ადგილზე არსებულ საჭიროებებს. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღო პოლიტიკური ვალდებულება, რომ ამ რეფორმას გაატარებდა და როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, ნაბიჯ–ნაბიჯ დავიწყეთ ამის განხორციელება”,  – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ზემოხსენებულ კოდექსშია გათვალისწინებული, პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. მისი განხილვა, სავარაუდოდ, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მოხდება, თუმცა მისი დამტკიცების შემთხვევაში კოდექსი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

“[პროექტის] ფინანსური მხარე უნდა მოაგვაროს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსმა. საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები მომზადდება მომდევნო წელს და რეალურად თვითმმართველობებს თავიანთი უფლებამოსილებების განსახორციელებად საჭირო ფინანსები გადაეცემათ 2014 წლის არჩევნების დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან. ჯერ კიდევ საკმარისი დროა იმისათვის, რომ დამატებით დავჯდეთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და მოვამზადოთ საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებები, რათა ფინანსების გარკვეული ნაწილი გადაეცეს ადგილობრივ თვითთმართველობებს”, – ამბობს ნარმანია.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სრულად უნდა შეიცვალოს თვითმმართველობათა დღეს არსებული სისტემა და “ევროპული ტიპის, საზოგადოებაზე ორიენტირებულ თვითმმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს”. კოდექსის თანახმად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისა, ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. ასევე, განსაზღვრულია ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც პროექტის ავტორების აზრით, თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს. კოდექსით, ასევე, განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, “რაც სოფლის მაცხოვრებელთა რეალური საჭიროებების გამოვლენასა და მათ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს”. კოდექსის თანახმად, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მთავრობის მტკიცებით, რეფორმის შედეგად მოხდება ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და სოფლების სწორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.


ირაკლი მელაშვილი
ირაკლი მელაშვილი

“ეს თვისობრივად შეცვლის საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას. დღეს ყველა თემა წყდება ცენტრში, ყველა გადაწყვეტილებას (მათ შორის წყლის სისტემა რომაა სადღაც შესაკეთებელი) იღებს ცენტრალური ხელისუფლება, რაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ადგილობრივი მოსახლეობა აბსოლუტურად ჩამოშორებულია იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც უშუალოდ მას ეხება. ამ რეფორმის უმთავრესი ამოცანაა, რომ ადგილებზე ჩავიტანოთ ძირითადი პრობლემების გადაწყვეტა. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მექანიზმები თავად გადაწყვიტოს, მის სოფელში რა არის გასაკეთებელი: წყალი, გზა და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ჩვენ მიწას, უფლებამოსილებებს და რესურსებს გადავცემთ თვითმმართველობებს, აუცილებელია, რომ ქალაქები ჩამოყალიბდეს თვითმმართველ ერთეულებად. დედამიწის ზურგზე ორ რამეზე არ არის კამათი: ერთი, რომ პარლამენტი უნდა იყოს არჩეული და მეორე- ქალაქებს უნდა ჰქონდეთ თვითმმართველობა. ცივილიზებულ სამყაროში ამაზე არავინ კამათობს. დღეს კი ჩვენ გვაქვს სიტუაცია შექმნილი, როცა, მაგალითად, გორს ჩვენ ვეძახით ქალაქს, მაგრამ სახელმწიფო სამართლით ქალაქი გორი, როგორც იურიდიული პირი არ არსებობს. ნებისმიერ 3–კაციან შპს–ს აქვს ბეჭედი, მაგრამ ქალაქებს ბეჭედი და გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გააჩნიათ, შესაბამისად, არ გააჩნიათ შესაძლებლობა, რომ თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი”, – ამბობს ირაკლი მელაშვილი, საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი, რომელიც თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს.

კოდექსთან დაკავშირებით 31 ოქტომბერს გარკვეული შენიშვნები გამოთქვა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. “საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი” და “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” აუცილებლად მიიჩნევენ, რომ კოდექსის პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტი ექსპერტიზისათვის გადაგზავნილ იქნას ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებში.

“დღევანდელი შეხვედრაც მიზნად ისახავას იმას, რომ ერთი მხრივ, ექსპერტებს და თვითმმართველობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გავაცნოთ კოდექსის ის ვარიანტი, რაც მთავრობამ დაამტკიცა და მეორე მხრივ, მოვისმინოთ მათგან დამატებითი არგუმენტები და მოსაზრებები იმ საბოლოო სახით ჩამოყალიბებულ დოკუმენტზე, რომელიც დღე–დღეზე უნდა გადაიგზავნოს პარლამენტში”, – აცხადებს დავით ნარმანია.

ზემოხსენებულმა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს დედაქალაქ – თბილისის შესახებ” პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის “დაჩქარებული წესითა და ჯეროვანი ანალიზის გარეშე მიღების” გამოც გამოთქვეს პრეტენზია, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერს მოადგილეების დასანიშნად შესაძლოა საკრებულოს ნებართვა დასჭირდეს.  ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისაგან დავით ნარმანიამ თავი შეიკავა, თუმცა “ნეტგაზეთის” შესაბამის შეკითხვას პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა ირაკლი მელაშვილმა უპასუხა:

“პოლიტიკური თანამდებობის პირს ყოველთვის სჭირდება დამტკიცება, დამტკიცება არ სჭირდება საჯარო მოხელეს. ამ ცვლილებებზე მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენ პოსტფაქტუმ გავიგეთ [მისი ავტორები დეპუტატები: გია ჟორჟოლიანი და ერეკლე ტრიპოლსკი არიან]. ამ ცვლილებების შინაარსის თაობაზე მიმდინარეობს კონსულტაციები და მოხდება სერიოზული ცვლილებები და ამ ცვლილებების დამუშავება. ზოგადად, დღეს არსებული კანონი თბილისის შესახებ არის აბსოლუტურად უვარგისი, რადგან მერს აძლევს შესაძლებლობას, რომ საკრებულოსთან ყოველგვარი დაკითხვის გარეშე მართოს ყველაფერი. საკრებულოს არ გააჩნია ბერკეტი, რომ რაიმე საკითხი დააყენოს და გადაწყვიტოს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. საკრებულოს უფლებამოსილება უფრო უნდა გაიზარდოს, დანარჩენი, რა და როგორ მოხდება, მალე გაირკვევა”, – აცხადებს იგი.

დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რიგით მე–4 თვითმმართველობის რეფორმას აკვირდება. ლოსაბერიძე აცხადებს, რომ ეს რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს:

“ვნახოთ, როგორ წარიმართება პარლამენტში დებატები, ალბათ, დებატები იქნება საკმაოდ მკვეთრიც. ეს [რეფორმა] მართლა წინგადადგმული ნაბიჯი და ევოლოციური გარღვევის მცდელობაა, რომელიც ვნახოთ, როგორ დასრულდება. არსებობს საფრთხეები, რომ შელამაზდება ეს კანონი და ისეთივე კოსმეტიკურ სახეს მიიღებს, როგორიც 1998, 2001 და 2005 წლებში ჩატარებული რეფორმის დროს. ამ შემთხვევაში მოგვიწევს მე–5 წრეს დავდელოდოთ და მე–5 წრეზე წავიდეთ. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება, რადგან რეალური პოლიტიკური ნება გამოკვეთილია: მთავრობის იმ ნაწილის მხრიდან, ვინც ამაზე მუშაობს, პარლამენტის ხელმძღვანელობის, ასევე, დეპუტატთა ნაწილის მხრიდან და პოლიტიკური პარტიების ნაწილიც უჭერს მხარს ამას. რაც მთავარია, ამას უჭერენ მხარს ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესის შედეგად მიიღებენ სარგებელს, საუბარია ადგილობრივ მოსახლეობაზე”, – აცხადებს იგი.

“ნეტაზეთის” კითხვას, რის საფუძველზე ხედავს იგი უკვე მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტის შეცვლის საფრთხეს, ლოსაბერიძე ასე პასუხობს:

“მე, უბრალოდ, იმ ანდაზას მივყვები, რომლის მიხედვითაც- სანამ არ გადახტები, ჰოპა არ უნდა დაიძახო. ჩემთვის ეს არის მეოთხე შემთხვევა: თავის დროზე ზურაბ ჟვანიასთანაც მიმუშავია და მიხეილ სააკაშვილთანაც [თვითმმართველობის რეფორმის საკითხზე], როგორც არასამთავრობოს წარმომადგენელს. ფაქტი სახეზეა, რომ წინა შემთხვევებშიც დაიწყო კარგად და დამთავრდა ცუდად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი